19 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ახალი საბაგირო გზა რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკამდე - თბილისს 66 წლის წინ აგებული საბაგირო დაუბრუნდა

მგზავრებს, ახალი საბაგირო გზით რუსთაველის გამზირიდან - მთაწმინდის პარკამდე გადაადგილება 4 წუთში შეეძლებათ. საბაგირო დღეს ოფიციალურად გაიხსნა და მგზავრებს ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახურება.

საბაგიროს პირველი მგზავრები პრემიერ-მინისტრი და დედაქალაქის მერი იყვნენ. ირაკლი კობახიძემ განახლებული სივრცე დაათვალიერა და თქვა, რომ ახალი საბაგირო გზა დედაქალაქისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.

საბაგიროს რეაბილიტაციის ფარგლებში აშენდა ზედა და სრულად განახლდა ქვედა სადგურის ნაწილი. მოეწყო რეკრეაციული სივრცე. მგზავრებს 21, რვა ადგილიანი გონდოლა მოემსახურება, რომელიც საათში 1200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს. კახა კალაძის განმარტებით, სახელმწიფოს პრიორიტეტი ყველა ისტორიული ადგილის შენარჩუნება და განახლებაა.

სამშენებლო ნაწილზე პასუხისმგებელი კომპანია ”დაგი” იყო. საინჟინრო ნაწილზე კი საერთაშორისო კომპანია ”დოპელმაიერმა” იმუშავა. პროექტის ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს და ის სამართავად მთაწმინდის პარკს გადაეცა.

პროექტზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო. ახალი საბაგირო გზა დღეს გაიხსნა და მგზავრებს დღის 12 საათიდან საღამოს 9 საათამდე მოემსახურება.

დღის ამბები