20 ოქტომბერი 2024,   01:24
ვრცლად
წინასაარჩევნო კამპანია შეერთებულ შტატებში- წინასწარი გამოკითხვების შედეგები მუდმივად იცვლება

მიჩიგანი ის მერყევი შტატია, რომლის მოგება საპრეზიდენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანია. საარჩევნო კოლეგიის ამომრჩეველთა 15 ხმა, არჩევნებისთვის, რომელიც აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. კამპანიის ფინალურ ეტაპზე შტატში ორივე კანდიდატი ჩავიდა.

კამალა ჰარისი ხვალ 60 წლის ხდება. ის 18 წლით უმცროსია დონალდ ტრამპზე, რომელიც ბაიდენის კანდიდატურის ჩანაცვლების შემდეგ, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული კანდიდატია. ჰარისი მოწინააღმდეგესთან ასაკობრივ სხვაობას პირდაპირ არ უსვამს ხაზს, თუმცა ამტკიცებს, რომ ტრამპი გადაიღალა.

ჰარისის ამ სიტყვებმა დონალდ ტრამპი, ისევ თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა. ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ არ დაღლილა და ოპონენტს კრიტიკით უპასუხა.

განცხადება, ჰარისის ჩამოტოვების შესახებ, ნაწილობრივ სიმართლეა, რადგან ზოგიერთ კვლევაში, კამალა ჰარისის რეიტინგმა მოიკლო. "ენბისის" ბოლო გამოკითხვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ორივე კანდიდატის რეიტინგი თანაბარია. ჰარისსაც და ტრამპსაც 48% აქვთ. თუმცა სექტემბერში, იმავე გამოკითხვებით, ჰარისი ტრამპს 5%-ით უსწრებდა. "ეიბისის“ კვლევებში კი ჰარისი ისევ ლიდერობს და ტრამპს 3%-ით უსწრებს. გადაუწყვეტელ ამომრჩეველს შესაძლოა სამართლიანად ჰქონდეს ეჭვი, რომ ჰარისის პრეზიდენტობა ბაიდენის პრეზიდენტობისგან განსხვავებული არ იქნება, რადგან ის ადმინისტრაციის მეორე პირი იყო.

კამალა ჰარისის კამპანიაში ბაიდენის ჩართულობის მიუხედავად, ტრამპი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტს კამალა ჰარისი არ მოსწონს და მეტიც, მის შემცვლელს ტრამპი ურჩევნია.

ტრამპის კამპანიაზე მძიმე გავლენა ჰქონდა დებატებზე გაკეთებულ განცხადებას, რომ იმიგრანტები ოჰაიოს ქალაქ სპრინგფილდში ხალხს ძაღლებს, კატებს და სხვა შინაურ ცხოველებს უჭამენ. მას ეს ცნობა დღემდე არ უარუყვია და ირწმუნება, რომ ამის შესახებ ცნობები იყო და მან ისინი გაავრცელა.

5 ნოემბერს 10 შტატის მილიონობით ამომრჩეველს, ბიულეტენებში, კანდიდატების არჩევის გარდა, დახვდება შეკითხვა, როგორ უნდა არეგულიროს მისმა შტატმა აბორტის საკითხი. "როი უეიდის წინააღმდეგ“ გაუქმების და აბორტის აკრძალვის გაპროტესტება, კამალა ჰარისისთვის მომგებიანი თემაა და დემოკრატები იმედოვნებენ, რომ ეს მეტი ამომრჩევლის მობილიზებას შეუწყობს ხელს. არჩევნებამდე 17 დღე რჩება. ბოლო მონაცემებით, სასურველ კანდიდატს ხმა წინასწარ უკვე 11-მა მილიონმა ამერიკელმა მისცა.

 

დღის ამბები