22 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმე - საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ქუთაისში მიმდინარეობდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ხუდადოვის ქუჩაზე, სოფო გელავას საცხოვრებელ სახლში დილით შევიდა. გამომძიებლებმა, ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლის ბინიდან როგორც მისი, ასევე ოჯახის წევრების ტექნიკა ამოიღეს.

პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობდა ეთო ბუზიაშვილთანაც, რომელიც, სოფო გელავას მსგავსად, ამერიკულ კვლევით ცენტრშია დასაქმებული. გელავას ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები თაღლითობის, გადასახადების თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ საქმე მათი ორგანიზაციის კონტრაქტორ კომპანიას ეხება. 

საგამოძიებო სამსახურმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩხრეკა ტყეშელაშვილების ოჯახში, ქუთაისშიც ჩაატარა. გამომძიებლებმა ბინიდან პირადი კომპიუტერები და პლანშეტი ამოიღეს. ვალერი ტყეშელაშვილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლში ქოლცენტრების საქმის ფარგლებში განხორციელდა.

დილიდან, გამომძიებლები მუშაობენ "კონცენტრიქსის" სამუშაო სივრცეშიც, ვაკეში. ოფისში მიმდინარე ჩხრეკის პარალელურად, საგამოძიებო უწყება, განჩინების საფუძველზე, "კონცენტრიქსის" 5 თანამშრომლის საცხოვრებელ ბინებშიც შევიდა და მათი კუთვნილი ტექნიკა ამოიღო. საბროკერო კომპანიაში დასაქმებულებისთვის ჩხრეკის მოტივი უცნობია. ისინი განმარტავენ, რომ მათი კომპანია ქოლცენტრების ლეგალურ საქმიანობას ეწევა და საქართველოდან მსოფლიოს წამყვან ბრენდებს დისტანციურად აწვდის სხვადასხვა სერვისს.

ადგილზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ "კონცენტრიქსის" ხელმძღვანელები და იურისტი, თუმცა, მათ საგამოძიებო მოქმედებებზე საუბარი არ ისურვეს.

თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე განცხადება გაავრცელა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. უწყების ცნობით, სამ სავარაუდო ე.წ. ქოლცენტრში საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია "კონცენტრიქსი" საქართველოს ბაზარზე 2021 წელს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით შემოვიდა. ორგანიზაციაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე დღეს კითხვა ვიცე-პრემიერსაც დაუსვეს. ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ კომპანიასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს.

ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე გამოძიება, ბოლო წლებია, აქტიურად მუშაობს. სისხლის სამართლის დევნა 100-ზე მეტი ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაყადაღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 100 მილიონზე მეტი ღირებულების აქტივები.

დღის ამბები