30 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
"ამ არჩევნების გამოძიება უნდა ჩაატაროს შესაბამისმა საერთაშორისო მისიამ, იმიტომ, რომ პროკურატურა გამოძიების ამ პროცესს, ფიქრობს, რომ გამოიყენებს ისევ ოპოზიციის და ხალხის დასაშინებლად" - სალომე სამადაშვილი

მივა თუ არა პრეზიდენტი ხვალ საგამოძიებო უწყებაში და ითანამშრომლებს თუ არა გამოძიებასთან - ადმინისტრაციას საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ოპოზიცია კი კვლავ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს - აქვე ეხმიანებიან ჯო ბაიდენის მოწოდებას და მიაჩნიათ, რომ არჩევნების არალეგიტიმურობას შტატების პრეზიდენტის განცხადებაც ადასტურებს.

ჯო ბაიდენი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა. განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს, ბაიდენი საუბრობს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რაც მისივე სიტყვებით, დაზიანდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ასევე ამომრჩევლის დაშინებით და იძულებით.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, თუ მას დაიბარებენ - ჩვენების მისაცემად საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს. 

"განცხადებებს ხედავთ, რაც მოდის, მტკიცებულებები არის უამრავი, ზღვა. არაფერი მაგათ არ უშველით ჩემი აზრით. ჩვენებაზე არ მივალ. არა მგონია, ჩემი რჩევა იქნება, რომ არ მივიდეს ჩვენების მისაცემად [პრეზიდენტი] და მაგ სისულელეში მონაწილეობა არ მიიღოს, მაგრამ მემგონი თვითონაც არ იზამს და ჩემი რჩევა არ დასჭირდება," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების გამოძიება უნდა ჩაატაროს შესაბამისმა საერთაშორისო მისიამ და არა პროკურატურამ.

"გამოძიება ამ არჩევნების უნდა ჩაატაროს შესაბამისმა საერთაშორისო მისიამ, იმიტომ, რომ პროკურატურა ამ პროცესს, თუ ეს პროცესი წარიმართა, გამოძიების, ფიქრობს, რომ გამოიყენებს ისევ ოპოზიციის და ხალხის დასაშინებლად, მე როგორც ვიცი - იბარებენ ხალხს კომისიებში ვინც დაწერეს საჩივარი, პროკურატურაში დაკითხვაზე. აბსურდში მონაწილეობას მე პირადად არ ვაპირებ," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ ბაიდენის განცხადება არჩევნების არალეგიტიმურობას ადასტურებს. პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობაში" ბაიდენის მოწოდებას მნიშვნელოვანს უწოდებენ და ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს რეალური შანსი, რომ არჩევნების საკითხი გამოიძიოს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ეს მოწოდება და საქართველოს ხელისუფლებას აქვს რეალური შანსი, რომ გამოიძიოს ეს ყველაფერი. მას აქვს ამის შესაძლებლობა და შანსი და მან ეს უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა ბაიდენის განცხადებაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიან თანასწორ და თავისუფალ გარემოში და შესაბამისად, ჩვენ ისევ ვართ ჩვენს პოზიციაზე, რომ შეიკრიბოს, საერთაშორისო აუდიტი ჩაუტარდეს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს," - განაცხადა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები