"ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე და ფეხქვეშ თელავდნენ მათ უფლებებს", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს წინააღმდეგ გარე ძალების მხრიდან შეტევა იმიტომ ხორციელდება, რომ ქვეყანას ლიბერალური პარტია არ მართავს.
მისივე თქმით, იმ განცხადებებსა და ბრალდებებს, რომლებიც გარე ძალებისგან წინასაარჩევნოდ ისმოდა, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე შესაბამისი პასუხი გასცა.
"საქართველოში ლიბერალები არ გვყავს, იმიტომ, რომ ლიბერალიზმი თავისი შინაარსით, სრულიად განსხვავდება ამ რადიკალებისგან. ესენი არიან ჩვეულებრივი ფაშისტები. საქართველოს ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფეხქვეშ თელავდნენ მათ ღირსებას. ასეთი პოლიტიკური ძალები ქვეყნის სამართავად ვერასდროს დაბრუნდებიან. ხალხს კარგად ახსოვს, რამხელა უბედურება მოუტანა ამ ადამიანების მმართველობამ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. რა თქმა უნდა, გარე ძალების ჩარევა იყო პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში. სამწუხაროდ, ესენი იყვნენ დასავლეთის ქვეყნები.
გავიხსენოთ, რა განცხადებები კეთდებოდა. კიდევ ვერ იცნობენ ქართველ ხალხს და არ აქვთ იმის წარმოდგენა, თუ როგორია ქართველი კაცი, როგორია მისი შინაგანი მდგომარეობა. ვერ წარმოუდგენიათ. ვერ შეისწავლეს კიდევ. რა თქმა უნდა, იმ ჩარევებზე და განცხადებებზე, რომლებიც სიცრუესა და ბოროტებაზე იყო დაფუძნებული, ქართველმა ხალხმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ამ რადიკალებს გასცა შესაბამისი პასუხი", - განაცხადა კახა კალაძემ.