რა გამოხმაურება მოჰყვა შტატების პირველი პირის გზავნილს თბილისში - ჯო ბაიდენი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა. განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს, ბაიდენი საუბრობს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რაც, მისივე სიტყვებით, დაზიანდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ასევე ამომრჩევლის დაშინებით და იძულებით.
"ქართული ოცნება" ამბობს, რომ ცესკომ უკვე მიმართა პროკურატურას და მმართველი გუნდი მიესალმება გამოძიების დაწყებას.
"გამოძიებას რაც შეეხება, გუშინ ჩვენ ვიხილეთ, ცესკომ მიმართა პროკურატურას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი საგამოძიებო უწყება, რომელიც რელევანტური შეიძლება იყოს ასეთი ტიპის გამოძიებასთან, ცესკო მზად არის, რომ მათთან ითანამშრომლონ. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას იქიდან გამომდინარე, რომ ცესკო არის ძალიან გამჭვირვალე, მათ ძალიან მაღალ დონეზე და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით ჩაატარეს ეს არჩევნები, შესაბამისად დასამალი მათ არაფერი არა აქვთ. ყველასთვის კომფორტულია, რომ ძალიან მალე ამ ყველაფერს წერტილი დაესვას.
არანაირი მტკიცებულება არავის არ წარმოუდგენია, რაღაცა აღქმებზე მიდის საუბარი. იქ ბატონი გვარამია ამბობს, რომ თენგომ უნდა აგვიხსნას, რა მოხდა... თენგოც ვერაფერს ვერ ხსნის, აბსოლუტურ აბსურდის თეატრში არიან," - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ლევან მაჭავარიანი.