საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არსებობს რამდენიმე ფაქტი იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნების" ამომრჩეველმა არჩევნების დღეს აღმოაჩინა, რომ რომელიღაც საარჩევნო უბანზე ოპოზიციის დამკვირვებლადაა დარეგისტრირებული.
მისივე თქმით, ხელისუფლება ამ ფაქტებს რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს.
"ერთი სიახლე და მათთვის სიურპრიზი მინდა წარმოგიდგინოთ - რამდენიმე შემთხვევა უკვე გამოკვეთილია და მინდა საზოგადოებას, ჩვენს მომხრეებს მოვუწოდო, რომ თუ ასეთი შემთხვევები კიდევ იქნა, რაზეც მე ახლა ვიტყვი, შეგვატყობინონ. უკვე რამდენიმე ფაქტი გვაქვს, როდესაც ჩვენი მომხრე მივიდა საარჩევნო უბანზე და არ აღმოჩნდა სიაში. როგორც აღმოჩნდა, რაღაც გაურკვეველი ნომრებით ისინი დარეგისტრირებული არიან დამკვირვებლად რომელიღაც რეგიონში საარჩევნო უბნებზე.
ვთქვათ, მე მივედი კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად თბილისში, ჩემს საარჩევნო უბანზე და აღმოვჩნდი, დავუშვათ, წყალტუბოში დამკვირვებლად გაფორმებული. ამ გაფორმების ავტორები არიან სხვადასხვა აგენტურული პარტიები. თუ ხმების მოპარვაზე ვსაუბრობთ, ამასაც ბოლომდე ჩავყვებით და დავადგენთ, ვინ დაარეგისტრირა ეს ხალხი, ჩვენი მომხრეები ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებად. ხმების მოპარვა რომ გაინტერესებდათ რეალური, ამ რეალურ ფაქტებს დაგიდებთ წინ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში. კონკრეტული ფაქტები გექნებათ, ვისი ხმები როგორ მოიპარეთ," - აცხადებს მდინარაძე.