კეთილი ინებონ და მიბრძანდნენ [პროკურატურაში], მისცენ ჩვენებები ერთი რა გაყალბების მტკიცებულებები აქვთ - ვაი იმის ბრალი, ვინც აქ მტყუანი აღმოჩნდება, საერთოდ დასამარდება როგორც პოლიტიკური პარტია ან როგორც პოლიტიკოსი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.
მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი "ჩაჰყვება ბოლომდე", რათა დადგინდეს არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით ვინ მართალია და ვინ მტყუანი.
"ეს კინო ხომ ნანახი გვაქვს. უფრო მეტად, უფრო ხისტად ჩავყვებით ბოლომდე. პროკურატურაში დაიწყო გამოძიება. კეთილი ინებონ და მიბრძანდნენ, მისცენ ჩვენებები ერთი რა გაყალბების მტკიცებულებები აქვთ. იქ ასე მარტივად ვერ წარადგენენ. ვაშაძე რომ აფრიალებს, იმ ვიდეოს თავი და ბოლოც აქვს. წავიდეს ახლა ჩვენება მისცეს, საიდან მოიპოვა, როგორ მოიპოვა [ვიდეო]. როგორც დეპუტატს, შეუძლია წყარო არ დაასახელოს, მაგრამ რომელი უბანია ის დაასახელოს. პასუხი აგოს მის თითოეულ განცხადებაზე. თუ დარღვევაა, კი ბატონო. თუ დანაშაულია უმკაცრესად დაისჯება. მაგრამ თუ იტყუება, ესეც გამომჟღავნდება და ამაში ვაპირებთ ბოლომდე ჩაყოლას. ამ ჩაყოლას შედეგი ექნება რა - მართლები ვართ და ამ სიმართლის გარდა დავამტკიცებთ, რომ ისინი თითოეულ სიტყვას იტყუებიან და უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებენ თავის ამომრჩეველსა და საზოგადოებას. ერთადერთი რისთვისაც მეცოდებიან არის ის, რომ აქამდე საზოგადოებას ატყუებდნენ 25-30% აქვს "ქართულ ოცნებასო". ახლა ძალიან ცუდ დღეში არიან. რა უნდა თქვან ახლა?" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მმართველმა პარტიამ იცის, "რა გავაკეთეთ, როგორი მართლები ვართ და რა არ ვიკადრეთ".
"კომისია გავაკეთოთ, სიაც გავხსნათ, უბნებიც გავხსნათ, ხელახლა გადავთვალოთ, ვნახოთ, გამოვკითხოთ, დავკითხოთ კომისიაში. ბოლომდე ჩავყვეთ და ვაი იმის ბრალი ვინც აქ მტყუანი აღმოჩნდება. საერთოდ დასამარდება როგორც პოლიტიკური პარტია ან როგორც პოლიტიკოსი. ჩვენ ხომ ვიცით, რა გავაკეთეთ, როგორი მართლები ვართ და რა არ ვიკადრეთ. ჩავყვეთ ბოლო წერტილამდე, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. ახლა რასაც ასე დაბეჯითებით ვამბობ, ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ. ბოლო პუნქტამდე ჩავიდეთ, სადაც შეიძლება ჩასვლა და ქართველი საზოგადოების წინაშე ყველამ ვაგოთ პასუხი - ვინ რას იტყუებოდა, ვინ მართალი იყო და ვინ მტყუანი. 300 ათასი კი არა, სამასი ხმა ნახეთ აბა გაყალბებული!",- განაცხადა მდინარაძემ.