08 დეკემბერი 2024,   14:28
ვრცლად
108 კატეგორია და 30-მდე მუსიკალური ჟანრი - ლოს ანჯელესი, გრემის რიგით 67-ე მუსიკალური დაჯილდოების მასპინძლობისთვის ემზადება

გრემის რიგით 67-ე დაჯილდოების ცერემონიის მთავარი გმირი 2025 წელსაც ბიონსე იქნება. ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ ნომინანტები დაასახელა. მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლესი ჯილდოს პრეტენდენტთა შორის ყველაზე მეტი ნომინაციით სწორედ ბიონსე ლიდერობს. რომელმაც 99 ნომინაციით მეუღლეს, ჯეი-ზის აჯობა და დაჯილდოების ყველაზე მეტჯერ ნომინირებული შემსრულებელი გახდა.

ამერიკელი მომღერლის ალბომმა "Cowboy Carter" 11 ნომინაცია დააგროვა, მათ შორის, საუკეთესო ალბომისთვის, საუკეთესო ქანთრი ალბომისთვისა და წლის საუკეთესო სიმღერისთვის.

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფი, ბიტლზების სინგლი წლის ჩანაწერის კატეგორიაში დასახელდა. ჯონ ლენონის დაუსრულებელი ტრეკი "Now And Then" შარშან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაასრულეს.

ახალგაზრდა მომღერალი ბილი აილიში წარმატებისკენ სვლას განაგრძობს. 2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე მომღერლის სინგლი "წლის სიმღერად" დასახელდა. მომავალი წლის დაჯილდოებაზე კი აილიში 7 ნომინაციაშია წარდგენილი, პოს მალონის, კენდრიკ ლამართან, და Charli xcx-სთან ერთად.

6-6 ნომინაცია გაინაწილეს ტეილორ სვიფტმა, ჩაპელ რონიმ და საბრინა კარპენტერმა. 108 კატეგორია და 30 მუსიკალური ჟანრი. ორგანიზატორებმა ოფიციალური გახსნის ცერემონიამდე დარჩენილი თვეების ათვლა უკვე დაიწყეს.

დღის ამბები