10 აგვისტო 2026,   11:22
ვრცლად
გიორგი ბარამიძის განცხადება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია - თორნიკე ფაღავა

მმართველი პარტიისთვის გიორგი ბარამიძის განცხადება მოღალატეობრივია და ის ქართველი სამხედროებისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თორნიკე ფაღავას განმარტებით, ბარამიძის განცხადება გმირების შეურაცხყოფაა.

"პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი ბარამიძის ეს განცხადება არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის შეურაცხყოფა იმ გმირებისა, რომლებიც დაიღუპნენ აფხაზეთის ომში და რომლებმაც თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამის შემდეგ, მან კიდევ ერთხელ ჩაწერა ვიდეო მიმართვა, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიახ, ის ადასტურებს თავის სიტყვებს. მინდა შეგახსენოთ, რომ გიორგი ბარამიძე არის იმ გუნდის წევრი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება, "პასეს" რეზოლუციაზე მხარდაჭერით, დააბრალა ქართულ სახელმწიფოს და ქართველ გმირ ჯარისკაცებს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისათვის არაფერი გასაკვირი არ მომხდარა იმდენად, რამდენადაც ეს არის მათი პოლიტიკური კოდის და მათი გენეტიკური კოდის ნაწილი. მათი ეს მოღალატეობრივი საქმიანობა არ არის არც ფრაგმენტული და არც დროებითი. ისინი ასე მოღვაწეობენ მთელი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში - 90-იან წლებშიც, 2 000-იან წლებშიც და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე გაგრძელდება მომავალშიც. აქედან გამომდინარე, ჩვენი პასუხი მათ მიმართ არის მარტივი - ერთი, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ისინი უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ სანაგვეზე და მეორე, აუცილებლად, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ადეკვატური პასუხი უნდა გასცენ", - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.

გიორგი ბარამიძის განცხადების შინაარსობრივი განხილვა არ სურთ "ნაციონალურ მოძრაობაში". სააკაშვილის პარტიაში მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ ბარამიძემ სენსიტიურ თემაზე არასწორი ფორმულირება მოახდინა.

 

დღის ამბები