ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო საქალაქო სასამართლოში, სადაც არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის გაერთიანებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს.
"საია", "ძლიერი საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმებისა და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. მიზეზად დასახელებულია ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევა. საქმეში მოპასუხე ცენტრალური საარჩევნო კომისიაა. შელაპარაკება მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მოსამართლეს შორის.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თნა ბოკუჩავას განცხადებით, ისინი დღეს სასამართლოს მტკიცებულებებს წარუდგენენ.
"ცესკომ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით "სმარტმატიკის" ბრენდირებული პარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომლებსაც მტკიცებულების სახით წარვადგენთ სასამართლოზე სხვა მტკიცებულებებთან ერთად. სწორედ ეს მარკერები ტოვებდა იმ კვალს, რომლის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის და შესაბამისად, თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.