07 დეკემბერი 2024,   22:47
ვრცლად
მოსამართლემ "საიას", "ნაციონალური მოძრაობისა" და "ძლიერი საქართველოს" 11 შუამდგომლობიდან არცერთი არ დააკმაყოფილა - სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა, პროცესის მიმდინარეობისას, მოსამართლის გაფრთხილება არაერთხელ მიიღეს. სხდომათა დარბაზში, სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი, თინა ბოკუჩავას და თამარ კორძაიას მხრიდან, შუამდგომლობების ეტაპზე გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები გახდა. სასამართლო პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ სარჩელს განიხილავენ, მოსარჩელეები საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას ითხოვენ.

მოსამართლე ივერი აბაშიძემ, "საიას", "ნაციონალური მოძრაობისა" და "ძლიერი საქართველოს" 11 შუამდგომლობიდან, არცერთი არ დააკმაყოფილა. მოთხოვნებს შორის იყო საოლქო საარჩევნო კომისიის 56 წევრის მოწმის სახით გამოკითხვის, შემთხვევით შერჩეულ უბნებზე ბიულეტენების დათვალიერების საკითხი და ასევე, "საიას" სარჩელის ცალკე გამოყოფის შუამდგომლობაც.

კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზს გარეთაც ისაუბრა, "სმარტმატიკთან" გაფორმებული მარკირების შესყიდვის ხელშეკრულების გასაჯაროებას ეხებოდა. სარჩელის ავტორების მტკიცებით, ცესკომ ბრენდირებული მარკერები, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, არაბრენდირებულით ჩაანაცვლა, რაც ხმის ფარულობის დარღვევის მიზეზი გახდა. ბრალდებას მალევე უპასუხა ცესკომ.

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის საარჩევნო სარჩელებთან დაკავშირებით, დღეს, პრემიერ-მინისტრმა მედიასთან ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციას მტკიცებულებები არ აქვს, რადგან დარღვევები არც წინასაარჩევნო პერიოდში და არც არჩევნების დღეს არ დაფიქსირებულა.

"საიას", "ნაციონალური მოძრაობისა" და "ძლიერი საქართველოს" ერთობლივი სარჩელის განსახილველად, მოსამართლე ივერი აბაშიძეს ორდღიანი ვადა აქვს. მოსარჩელეების მოთხოვნის განხილვის შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილება ცესკოში გაიგზავნება, რომელმაც არჩევნების საბოლოო შედეგები 21 ნოემბრამდე უნდა გამოაცხადოს.

დღის ამბები