26 დეკემბერი 2024,   15:35
ვრცლად
63 წლის ისტორიული და უნიკალური სასახლის ახალი სიცოცხლე - თბილისის მერია სპორტის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს

სპორტის სასახლის რეაბილიტაციის ფარგლებში, ყველა ძირითადი სივრცე მოწესრიგდება. დედაქალაქის ისტორიული შენობის განახლების პროექტი, დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე განიხილეს. კახა კალაძის განცხადებით, ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა მოეწყობა, მოწესრიგდება მეტროში ჩასასვლელი კიბეები და საპარკინგე ადგილი. მისივე განმარტებით, რეაბილიტაციის პროცესში, შენარჩუნდება ყველა ის ბუნებრივი მასალა, რომლითაც ეს ისტორიული ნაგებობაა გამორჩეული.

მმართველი კომპანია საინვესტიციო პროექტს მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 5 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება. რეაბილიტაციის პროცესში, სპორტის სასახლეს დამატებითი ფუნქციები შეემატება, რაც მომავალში უფრო მასშტაბური შეხვედრებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის იქნება გამოყენებული.

სპორტის სასახლის შენობა მუნიციპალური საწარმოს საკუთრებას წარმოადგენს, რომელიც, 2007 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, მართვის უფლებით კომპანია "ლოჯიკ გრუპს" გადაეცა. დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ ხელშეკრულების პირობებიც განახლდება, რაც ისტორიულ შენობას მეტ დატვირთვას მისცემს.

სამუშაოების პირველი ეტაპი ორ წელიწადში დასრულდება. რეაბილიტაცია შესაძლებლობას მისცემს ობიექტს, უმასპინძლოს, როგორც სპორტულ, ასევე სხვა კულტურულ თუ სოციალურ ღონისძიებებს, ჰქონდეს მრავალფუნქციური დატვირთვა.

დღის ამბები