შეიკრიბება თუ არა პარლამენტი, თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს პირველ სხდომას - "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრი თამარ კორძაია, "დღის კურიერში" აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, პარლამენტი ვერ უნდა შეკრიბოს, თუმცა, "ქართულ ოცნებას" ექნება შესაძლებლობა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს:
"მე ვთვლი, რომ თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს პირველ სხდომას, პარლამენტი ვერ უნდა შეიკრიბოს, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ექნება შესაძლებლობა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ვაკუუმის შესავსებად, რომელიც დღეს კანონმდებლობაში არსებობს და იდავოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის საკუთარი უფლებამოსილების შესრულებაზე. შესაბამისად, შემდეგ საკონსტიტუციომ უნდა გადაწყვიტოს სალომე ზურაბიშვილმა არ მოწვევით დაარღვია თუ არა კონსტიტუცია. ეს არის ყველაზე სწორი სამართლებრივი გზა, რომელიც უბრალოდ "ქართულ ოცნებას" არ აწყობს და ამიტომ ის ამას არ გააკეთებს და თვითონ მოიწვევს.
პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, რომ პრეზიდენტი 10 დღის ვადაში იწვევს პარლამენტის პირველ სხდომას, არ წერია სიტყვა ვალდებული ან უფლებამოსილი. იმპერატიული ნორმაა და თუ ის არ მოიწვევს, მაშინ უბრალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს "ქართულმა ოცნებამ," - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი თამარ კორძაია.