15 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
კონსტიტუცია ახლადარჩეულ პარლამენტს ავალდებულებს, შედეგების გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში შეიკრიბოს, თუ ეს ასე არ მოხდა, პარლამენტი დაარღვევს კონსტიტუციურ მოთხოვნას - გიორგი კახიანი

"ქართული ოცნების" წევრი, გიორგი კახიანი "დღის კურიერის" ეთერში ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ვადებს და იურიდიულ ნორმებს განმარტავს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი ახლადარჩეულ პარლამენტს, შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან 10 დღეში არ მოიწვევს, პარლამენტი მაინც შეიკრიბება. კახიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსტიტუციის 37-ე მუხლი განმარტა.

"იმისთვის, რომ ქვეყნის სტაბილური განვითარება შეაჩერონ, რადიკალური ოპოზიცია არაფერზე უარს არ ამბობს, მათ შორის, კონსტიტუციის სრულიად აბსურდულ განმარტებებზე, რომელსაც ჩვენ ახლა ვისმენთ მათგან. მათ შორის, ეს ეხება ახლადარჩეული პარლამენტის პირველი მოწვევის საკითხს, როდესაც სრულიად აბსურდულად განმარტავენ კონსტიტუციის ამ ნორმას.

კონსტიტუციაში 37-ე მუხლი არეგულირებს ამ საკითხს და პირველ წინადადებაში ასეთი ჩანაწერი არის, რომ ახლადარჩეული პარლამენტი იკრიბება შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ კონსტიტუცია ახლადარჩეულ პარლამენტს ავალდებულებს, შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში შეიკრიბოს. თუ ეს ასე არ მოხდა, პარლამენტი დაარღვევს კონსტიტუციის ამ მოთხოვნას, რის მიხედვითაც 10 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს შეკრება.

37-ე მუხლის შემდეგ წინადადებაში წერია, რომ პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც განმარტავენ [ოპოზიციის წევრები] ეს ნორმა პრეზიდენტისთვის დისკრეციული ხასიათის ნორმა კი არ არის, ანუ იმას კი არ ნიშნავს, რომ უნდა მოიწვევს პრეზიდენტი პარლამენტს და უნდა არ მოიწვევს. ასე თუ განვმარტავთ, სრულიად აბსურდში გადავალთ. ამ განმარტებას თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაელოდოს არჩევნების შედეგებს, ნახავს, რომ კოლექტიურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ გაიმარჯვა, არ მოიწვევს პირველ სხდომას და ამას უნდა მოჰყვეს ხელახალი არჩევნები. დაელოდება შემდეგ არჩევნებს, თუ ვერ გაიმარჯვებს კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა," ისევ არ მოიწვევს სხდომას და ა.შ. ასეთ აბსურდამდე არიან მისული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელიც ნორმას ასე განმარტავენ. იქ წერია, რომ 10 დღის განმავლობაში პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს, თუ არ მოიწვია, პირიქით, ის კონსტიტუციას დაარღვევს", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

დღის ამბები