15 ნოემბერი 2024,   01:08
ვრცლად
ევროპულ სახელმწიფოებში, ის ძალები, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების მსგავსად უყურებენ ამ საკითხებს, უფრო და უფრო მეტ ძალას იკრებენ - გიორგი კახიანი კანონების გაუქმების მოთხოვნაზე

სადავო კანონების გაუქმების საკითხზე, რომელიც ევროპარლამენტში გამართული დებატების შემდეგ, ისევ აქტუალურია, "დღის კურიერის" ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ისაუბრა. 

როგორც მან აღნიშნა, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული და გამჭვირვალობის შესახებ კანონები, ყველა სახელმწიფოში არსებობს, ოღონდ განსხვავებული ფორმებით. 

მისივე თქმით, ევროპულ სახელმწიფოებში, ის ძალები, რომლებიც სწორედ ისე უყურებენ ამ საკითხებს, როგორც საქართველოს ხელისუფლება, უფრო და უფრო მეტ ძალას იკრებენ:

"ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც იმის გარანტიაა, რომ ჩვენ, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფო უნდა გავხდეთ. ვთქვით, რომ 2030 წლისთვის საქართველო ამ ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით იქნება სახელმწიფო, რომელიც იქნება პირველი იმ კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურდათ.

რაც შეეხება კანონებს, თურმე საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლა განაპირობა ორმა კანონმა, ანუ ორი კანონის გამო ყოფილა ეს ყველაფერი. საუბარია იმაზე, რომ ბავშვებში აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა, ეს არის თურმე ცუდი კანონი და ასევე, გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ყველა სახელმწიფოში არსებობს სხვადასხვა ფორმით. ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით კი, თვითონ ევროპულ სახელმწიფოებში სრულიად განსხვავებული შეხედულებაა. ის ძალები, რომლებიც სწორედ ისე უყურებენ ამას, როგორც ჩვენი ხელისუფლება, უფრო და უფრო მეტ ძალას იკრებენ. შეერთებულ შტატებში, მაგალითად, ტრამპს იგივე მიდგომა აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მისი წინასაარჩევნო განცხადებებიც ასეთი იყო - ის აპირებდა სკოლებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას. ვნახოთ იქ როგორ განვითარდება პროცესები და რა გადაწყვეტილებას მიიღებს შეერთებული შტატების კონგრესი. როდესაც მართალი ხარ, ის სიმართლე საბოლოო ჯამში თავის გზას გაიკვლევს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.

დღის ამბები