"აშკარად გამოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების და იმ პოლიტიკის, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მხარდამჭერთა რაოდენობა ევროპარლამენტ დეპუტატებს შორის მომრავლდა და ბევრი ჩვენი სასარგებლო განცხადება მოვისმინეთ" - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
კახიანის თქმით, როგორც ჩანს, "ევროპარლამენტში ჯერჯერობით საღი აზრი მაინც იმარჯვებს".
"გუშინ დებატები იყო ევროპარლამენტში, ერთადერთი სიახლე ჩემთვის რაც იყო ამ გამოსვლებში, იყო, რომ აშკარად გამოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების და იმ პოლიტიკის, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მხარდამჭერთა რაოდენობა ევროპარლამენტ დეპუტატებს შორის - მომრავლდა და ბევრი ჩვენი სასარგებლო განცხადება მოვისმინეთ. წინა ევროპარლამენტში ამის დეფიციტი იყო, მაგრამ ახლა ბევრმა დაინახა, რომ ასეც არ არის, როდესაც ასე უსაფუძვლოდ და სრულიად არგუმენტების გარეშე რაღაცას გვაბრალებენ.
ეს ყველაფერი არის გაგრძელება იმ სცენარის, რაც ჩვენ ცოტა ხნის წინ საქართველოში ვნახეთ. უყურეთ რა ხდება - გარკვეულ ძალას უნდოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოსულიყო ხელისუფლებაში, ეს ვერ მოხდა, ახლა ცდილობენ, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება, პირდაპირ ვიტყვი, მეტი არაფერი, ამის მცდელობები არის, თუნდაც სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები რომ იყვნენ ჩამოსული, ზოგიერთმა მათგანმა პირდაპირ გააკეთა მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებისკენ. ის მოწოდებები პირდაპირ თუ ირიბად, სხვა მეტი არაფერს ნიშნავდა, რომ რაღაცა მუხტი გაიზარდოს მოსახლეობაში და ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები და ამას საბოლოოდ უნდა მოჰყვეს ხელისუფლების შეცვლა, ეს იყო მისი აზრი. ახლა რომ ნახეს, რომ ამის რესურსი არანაირი არ არსებობს და ვინ უჭერს მხარს იმ რადიკალურ ოპოზიციას, ან ვის სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს ხომ სრული აბსურდი არის, არანაირი რესურსი არ გააჩნია.
ახლა, როგორც ჩანს, ჩავიდნენ იქ და ამის გაგრძელება იყო უკვე იქიდან შანტაჟი, რომ აი თურმე თუ მოსახლეობა გარეთ არ გამოვა, ამას მოყვება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და ა.შ. ამ პროცესის გაგრძელება არის ეს, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები, ევროპარლამენტარებისგან სამწუხაროდ ადრეც მოგვისმენია სრულიად უსაფუძვლო და უარგუმენტო განცხადებები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებებს ვინც იღებს, აღმასრულებელი ნაწილი ევროკავშირის, იქ ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, საღი აზრი მაინც იმარჯვებს," - აცხადებს გიორგი კახიანი.