ევროპარლამენტის პრეზიდენტმა შენიშვნა დეპუტატებს, სხდომის ხმაურიანად დატოვების გამო მისცა - მას შემდეგ, რაც სესიის დღის წესრიგი დაამტკიცეს და მასში საქართველოს არჩევნებიც შევიდა. ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი, ვინც ამ წინადადებას მხარს უჭერდა, დარბაზიდან გავიდა. ისინი არც საქართველოს შესახებ დებატებს დაესწრნენ და არც დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვას.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ, ევროპარლამენტარებმა ნახევრად ცარიელ დარბაზში იმსჯელეს. დებატები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა გახსნა და თქვა, რომ არჩევნები საქართველოში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტანდარტის შესაბამისად არ ჩატარებულა. ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის განცხადებას, დარბაზშივე მოჰყვა საპირისპირო შეფასებები. ევროპარლამენტარების ნაწილმა კონტრარგუმენტად ეუთოს ანგარიში მოიყვანა.
პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიულ არჩევანს - აცხადებდნენ ევროპელი დეპუტატები, რომლებიც თავად აკვირდებოდნენ 26 ოქტომბრის არჩევნებს. განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ დებატებში მონაწილე სხვა ევროპარლამენტარებს და არჩევნების არაღიარებას, საერთაშორისო გამოძიებას ითხოვდნენ. აზრი ორად გაიყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზეც.
საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით რეზოლუციას, ევროპარლამენტი კენჭს მომდევნო კვირას უყრის.