22 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე არ იცვლება - რა გადაწყვეტილებები მიიღო "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ისევ ირაკლი კობახიძეა. პარლამენტის სპიკერის პოსტს შეინარჩუნებს შალვა პაპუაშვილიც. წესდების მიხედვით, პოლიტსაბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ წარუდგინა. მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭო არჩევნების შემდეგ დღეს პირველად შეიკრიბა - სრული შემადგენლობით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

საბიუჯეტო დაგეგმარებასთან ერთად მმართველ პარტიაში იმსჯელეს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც, თუმცა არა კონკრეტულ კანდიდატებზე. ვინ იქნება მმართველი გუნდის რჩეული პრეზიდენტის პოსტზე ჯერ უცნობია, გაურკვეველია ისიც წარადგენს თუ არა საკუთარ კანდიდატურას ოპოზიცია. სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა მალე ეწურება - ხელისუფლების ოპონენტები ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურ სიმპათიებს არ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს საკითხი დღეს არარელევანტურია. ოპოზიცია ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს და არალეგიტიმურ უწოდებს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არჩევნების შედეგებიდან გამომდინარეობს.

ოპოზიციის დამოკიდებულების მიუხედავად მმართველი გუნდი კანონმდებლობისა და ეროვნული ინტერესების შესაბამისად მუშაობას განაგრძობს - ასე პასუხობენ ოპონენტებს "ქართული ოცნებიდან." უმრავლესობაში განმარტეს ისიც, თუ რატომ არ ცვლის მმართველი გუნდი უმაღლეს თანამდებობებზე ხელმძღვანელ პირებს.

სამთავრობო პროგრამას ირაკლი კობახიძე პარლამენტს პირველივე სხდომაზე წარუდგენს, რომელმაც დეპუტატების უფლებამოსილებასთან ერთად ახალი მთავრობაც უნდა დაამტკიცოს.

დღის ამბები