24 ნოემბერი 2024,   22:18
ვრცლად
სავარაუდოდ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა - განგაშის სიგნალი დღეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ისმოდა

დნიპროს რეგიონს რუსეთმა ახალი ტიპის რაკეტები დაუშინა. არსებობს ეჭვი, რომ საუბარია საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაზე. კრემლი არ პასუხობს, მარია ზახაროვას პირდაპირ ბრიფინგზე შეატყობინეს, რომ ამ თემაზე არაფერი ეთქვა.

თუ ინფორმაცია დადასტურდა - ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ტიპის ბალისტიკურ რაკეტა გამოიყენეს, არა მხოლოდ ამ ომში, არამედ ისტორიაში.

განგაშის სიგნალი დღეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ისმოდა, საჰაერო იერიშები კი სხვადასხვა ტიპის რაკეტებით განხორციელდა. იყო ფრთოსანი ვერსიებიც, თუმცა არ ყოფილა შახიდის დრონები. ძირითადი სამიზნე კრემენჩუგი და დნიპრო იყო, სადაც განადგურდა სარეაბილიტაციო ცენტრი. კრივი რიჰში თავდასხმის შედეგად კი 26 ადამიანი დაშავდა. კიევში და კიდევ 3 ოლქში გათიშულია ელექტროენერგია - ეს ყველაფერი კი პირველი თოვლის ფონზე. აშშ-ი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად კიევს უახლოვეს დღეებში დამატებით დახმარებას გადასცემს. ფინანსურ ნაწილში ცნობილია, რომ დემოკრატებს სურთ უკრაინას 5 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი ჩამოაწერონ. სამხედრო კომპონენტში კი ატაკამსებითა და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით უკრაინა უკვე გააძლიერეს.

ამერიკის მსგავსად, საკუთარი ბალისტიკური რაკეტების გამოყენების უფლება კიევს სავარაუდოდ დიდმა ბრიტანეთმაც მისცა. მართალია, ქვეყნის თავდაცვის უწყებაში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა მედია უკვე დარწმუნებით წერს, რომ "storm shadow-ები" რუსეთის ტერიტორიაზე გაუშვეს. მეტიც, რუსეთის განცხადებით, კურსკში 2 ასეთი რაკეტა მოიგერიეს. კიევი და ლონდონი ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ.

აშშ-მა კიევში დახურული საელჩო დღეს უკვე გახსნა, განსხვავებით იტალიის, ესპანეთისა და საბერძნეთისგან. გუშინდელი გადაწყვეტილება საჰაერო დარტყმების მაღალ რისკს უკავშირდებოდა. სწორედ ესკალაციის გაზრდილი რისკის გამოა,რომ უნგრეთი უკრაინის საზღვართან საჰაერო თავდაცვის სისტემებს დააყენებს. ბუდაპეშტის შეფასებით ამაზე მაღალი რისკი,როგორიც ახლა დგას - არ არსებობს. უკრაინის მეზობელი პოლონეთში კი დღეს ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზა გაიხსნა,რათა ნატოს წევრი მეტად დაცული იყოს.

უკრაინაში ომის 1002-ე დღეა. ამ დროისთვის Reuters-ის ცნობით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 110 500 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს. უკრაინას კი რუსეთის კურსკის რეგიონის 650 კვადრატული კილომეტრი აქვს დაკავებული. ზელენსკიმ თქვა, რომ ქვეყანა ყირიმის დიპლომატიური ძალისხმევით დაბრუნებას განიხილავენ, რადგან პრეზიდენტი იქ დამატებით ათასობით სამხედროს გაწირვის იდეას არ მიესალმება. თუმცა ბოლო 1 კვირაში პარტნიორებით უფრო მეტად გაძლიერებული ქვეყანა აგრესორთან 3-წლიანი ბრძოლის შემდეგაც მზადაა იომოს, რათა საკუთარი ტერიტორია და სუვერენიტეტი დაიცვას.

დღის ამბები