24 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
2024 წლის დასკვნითი თამაში - დღეს ბორჯღალოსნები ტონგას შეერკინებიან

დღეს ბორჯღალოსნები 2024 წლის დასკვნით თამაშს თბილისში, "მიხეილ მესხზე" ტონგასთან გამართავენ. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, თუმცა გულშემატკივრებს სტადიონის მიმდებარედ 13:00 საათიდან შეუძლიათ შეკრება.

იტალიასთან მატჩის შემდეგ, გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. ტრავმა მოიშუშა და შერკინების მესამე ხაზში ბრუნდება ბექა საღინაძე. მარქაფიდან სასტარტოში დაწინაურდა ლუკა ივანიშვილი, თორნიკე ჯალაღონიამ კი დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნა.

თითო ცვლილებაა პირველ და მეორე ხაზში. მარცხენა ბურჯის პოზიციაზე თამაშს გიორგი ახალაძე იწყებს. კვლავ ძირითადში არიან კვაჭი ვანო კარკაძე და მარჯვენა ბურჯი ირაკლი აფციაური, ხოლო მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ამჯერად ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება.

რიჩარდ ქოქრილის გადაწყვეტილებით მარქაფა არასტანდარტული იქნება და შეცვლაზე 6 მორკინალი გვეყოლება. ნოემბრის ტესტ-მატჩებში პირველად ითამაშებენ ბურჯი გიორგი მამაიაშვილი და მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი. მათ გარდა, შერკინებაში შეცვლაზე შევლენ კვაჭი ლუკა ნიორაძე, ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი.

ერთი სიახლეა ხაზის მარქაფაში. ბორჯღალოსნების სამატჩო განაცხადში პირველადაა და ტონგასთან დებიუტი ექნება "ბრივის" ცენტს გიორგი შველიძეს, რომელიც ვეტერანი ბორჯღალოსნის, გოდერძი შველიძის შვილია და თავი 20-წლამდელთა ნაკრებიდან დაგვამახსოვრა. ასევე ხაზის მარქაფაშია გელა აფრასიძე.

საქართველოს ტონგას წინააღმდეგ აქამდე 7-ჯერ უთამაშია და მათგან 5 მოიგო.

კუნძულელებს ბოლოს 2018 წლის 24 ნოემბერს, ასევე "მიხეილ მესხზე" ვერკინეთ და დღემდე სარეკორდო სხვაობით, 20:9 დავამარცხეთ.

2024 წლის შემოდგომის ტესტ-მატჩები

24 ნოემბერი. თბილისი. მიხეილ მესხი

საქართველო - ტონგა (18:00 საქ. დრო)

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 34 კეპი, 68 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 45, 200), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 62, 40), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 8), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 116, 95), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 24, 160), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 89, 83, კაპ.);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 8), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 17, 25 ქულა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 12), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 12, 20), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 20, 5), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 17, 10), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 42, 15), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 37, 35).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 9), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 6), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 9, 5), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 16, 10), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 10, 15), 21. სანდრო მამამთავრიშვილი (პენზა, 6); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 54, 35), 23. გიორგი შველიძე (ბრივი).

დღის ამბები