06 დეკემბერი 2024,   15:01
ვრცლად
სასტიკი მკვლელობების სერია სტამბოლში - 33 წლის მამაკაცმა პიკნიკზე წაყვანილი ცოლ-შვილი და სიდედრი ჩაცხრილა, შემდეგ კიდევ 4 ადამიანი მოკლა

7 მოკლული და 2 დაჭრილი - სტამბოლში მამაკაცმა 10 წლის შვილი და ოჯახის ყველა წევრი მოკლა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

33 წლის ბახთიარ ალადაღი მცირეწლოვან შვილთან, ცოლთან და სიდედრთან ერთად, სტამბოლის ევროპულ ნაწილში ბუიუქჩექმეჯეს უბანში პიკნიკზე იმყოფებოდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჯერ 10 წლის ბიჭს, შემდეგ ცოლს და მის მშობელს თავის არეში დამიზნებით ესროლა.

მას შემდეგ რაც ალადაღმა მცირეწლოვანი შვილი, ცოლი და სიდედრი მოკლა. საკუთარი ავტომობილით სტამბულის ჯელალიეს რაიონში გადაინაცვლა. მანქანა ჩაირის ქუჩაზე გააჩერა და საკუთარ სახლში შევიდა. ცეცხლსასროლი იარაღით ჯერ საკუთარი 65 წლის მამა, შემდეგ 55 წლის დედა და 30 წლის და ჩაცხრილა.

სროლის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე პირველი კატასტროფის ბრიგადები მივიდნენ. ექიმებს დამნაშავის მამა მუჰამედი მოკლული დახვდათ, დედა ნეჟმინიე და და ბუკეტი საავადმყოფოში გადაიყვანეს თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მკვლელობების შემდეგ, ბახთიარ ალადაღი, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ესთეტიკის ცენტრში მივიდა და საკუთარი სიძე მოკლა. დაჭრა კიდევ ორი მოქალაქე. ადგილიდან ავტომობილით მიიმალა და მანქანაში თავი მოიკლა.

საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ სამართალდამცველებმა ალადაღის მეუღლე, 10 წლის შვილი და სიდედრი, ბუიუქჩექმეჯეს ტბასთან, გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დანაშაულის იარაღი და 9 მასრა. სტამბოლის პოლიციის განცხადებით მამაკაცი ნარკოდამოკიდებული იყო და ოჯახის წევრებთან ხშირი კონფლიქტი ჰქონდა. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, ჯერ ცნობილი არ არის გამოძიების ოფიციალური ვერსია მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

 

დღის ამბები