შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებში, ახალგაზრდა მამაკაცი ფიგურირებს, ის მხოლოდ 18 წლისაა. ვიდეოში ჩანს, რომ ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დანით ხელში გადაადგილდება. მას გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს დაკავებულის ადვოკატი.
აქციების დროს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან ანრი კვარაცხელიასაც. ის სამართალდამცველებმა საცხოვრებელ მისამართზე აიყვანეს. სახლში ჩატარდა ჩხრეკა და სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებული წარდგენილ ბრალდებას უარყოფს.
პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება დაკავებული პირების საქმეების განხილვა. მათ უმეტესობას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ხულიგნობას ედავებიან. მოსამართლემ 500 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა “კოალიცია ცვლილებებისთვის“ საპარლამენტო სიის პირველ ნომერს, ნანა მალაშხიას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა საავტომობილო გზის გადაკეტვის ეპიზოდს ეხება.
ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულ პირთა ნაწილი, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს. ადვოკატები ამბობენ, რომ რამდენიმე დაკავებულს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.
რუსთაველის გამზირზე ესკალაციის შემცირების პარალელურად, შემცირდა დაკავებულთა რაოდენობაც. წინა დღეებისგან განსხვავებით, გუშინ სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედნის მიმდებარედ მხოლოდ სამი პირი დააკავეს. მათ შორისაა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც ამჟამად ნიკა გვარამიას პარტიას წარმოადგენს. დაკავებულები დღის ბოლოს ადვოკატმა იზოლატორში მოინახულა.
გასული შვიდი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის პოლიციამ 300-ზე მეტი პირი დააკავა. ბრალდებებს შორისაა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, წვრილმანი ხულიგნობა, სამართალდამცველებზე თავდასხმა და სხვისი, ნივთის განადგურება.