ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს დღეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, უკვე შეუფარდეს პატიმრობა. ბრალდებულებიდან სამს, მათ შორის "დაფიონის" დამფუძნებელ ზვიად ცეცხლაძეს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან, რომელიც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხუთს კი, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით სულ დაკავებულია 13 პირი. მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქეა, რომელიც გუშინ, ორბელიანის ქუჩაზე აიყვანეს. 13 ადამიანის გარდა, სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც ბრალი აფეთქების მომზადებაში ედება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ფარული ჩანაწერებიც გაავრცელა.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მონაწილეობის საქმეში - ეს ჩანაწერები, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. ვიდეო რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ფარულად არის ჩაწერილი. მასალაში ისმის, როგორ გეგმავდნენ დივერსიული აქტების მოწყობას სხვადასხვა ადგილას და საუბრობდნენ ხანძრის გაჩენის მეთოდებზე.
საუბრებში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებული და დაკავებულია. მათ შორის არის ვეფხია კასრაძე - პარტია "ლელოს" წევრი. ის ჯავახიშვილის ქუჩაზე, იმ სახლში დააკავეს, სადაც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. ხელბორკილები დაადეს სამართალდამცველებმა "ლელოს" კიდევ ერთ წევრს - ვასილ კაძელაშვილს. ფარული ჩანაწერების მიხედვით, სწორედ კაძელაშვილი გასცემს ინსტრუქციას, როგორ გააჩინონ ცეცხლის კერები.
ვიდეომიმართვა, რომელიც გამოძიებამ მოიპოვა, ორგანიზაცია "დაფიონის" დამფუძნებელმა ჩაწერა და შიდა ჯგუფებში გაავრცელა. ზვიად ცეცხლაძე დემონსტრანტებს დაუმორჩილებლობისა და ბარიკადების აღმართვისკენ მოუწოდებდა.
ცეცხლაძე სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში, მისივე ბინიდან გადაიყვანეს. გაჩხრიკეს სახლიც და კონკრეტული ნივთმტკიცებები ამოიღეს.
დაკავებების პარალელურად, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულთა ბინებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციური პარტიებში ოფისებში ჩაატარა. ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, კომპიუტერული ტექნიკა, მეხსიერების ბარათები, ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი ოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და სხვადასხვა სახის ხსნარი.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის, ასევე ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით, პოლიციამ 10-ზე მეტი პირი დააკავა, მათ შორისაა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის, ასევე ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე დაკავებულების აღკვეთზე დღეს სასამართლომ იმსჯელა. 8 პირი ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, გიორგი გიორგაძე, ბრალდებული მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილებამდე ბრალდებულების ნაწილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა.
ბრალდებულების ადვოკატები დღეს დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების საქმეზე დაკავებულების ნაწილის აღკვეთზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. ისინი, ამ დროისთვის, დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფებიან.
მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია უკრაინის მოქალაქეც. ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებმა ორბელიანის 12 ნომერში შეაჩერეს და მისი პირადი ჩხრეკა ჩაატარეს. პოლიციამ წიწაკის სპრეი და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო და დალუქა.
საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. არ არის გამორიცხული, დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს. ბრალი 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.