წინადადება, რომელიც ევროპელი ლიდერების მაგიდაზე დევს, ქართველი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს. ევროკომისიის მოთხოვნა, წერილობით ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 2 გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ თუ საბჭო ამ წინადადებას დაამტკიცებს და ის ძალაში შევა, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი პასპორტები, შენგენის ზონაში შესასვლელად ვიზა დასჭირდებათ. ევროკომისია გადაწყვეტილების მიზეზებსაც განმარტავს და წერს, რომ ეს წინადადება საქართველოს ხელისუფლების ბოლო დროინდელი ქმედებების პასუხია. ინიციატივას, დღეს, სოციალურ ქსელში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის პრეზიდენტი გამოეხმაურნენ.
ევროკომისიის სიტყვა, საქმედ რომ იქცეს, ეს გრძელვადიან პროცესთან არის დაკავშირებული. დეტალები, დღეს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა. ლევან მახაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებას ძალაში შესვლამდე დიდი დრო დასჭირდება.
ევროკომისიამდე კი იყო ევროპული საბჭო - ლიდერების სამიტის შესახებ მომზადებული დასკვნა და საუბარი საქართველოზე. დოკუმენტში წერია, რომ საბჭო "იმეორებს შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს." თუმცა ამ დასკვნაში ვერ მოხვდა დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი. ევროპული საბჭოს დოკუმენტს განსხვავებული შეფასებები მოჰყვა თბილისში, ოპოზიცია აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს დოკუმენტის მიუხედავად, ევროპის პოზიცია საქართველოსთან მიმართებით ურყევია.
დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ანტიქართულია პრემიერ - მინისტრისთვის. ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტზე კონკრეტულად არ საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლება საბოლოო შედეგს დაელოდება. დედაქალაქის მერი კი განმარტავს, რომ ქვეყანა პარტნიორებისგან უსამართლო გადაწყვეტილებებს ისმენს.
რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროპელი ლიდერები - ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა. ევროკომისიამ კი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადება უკვე მოამზადა.
ავტორი: იზი ბურნაძე.