21 დეკემბერი 2024,   20:06
ვრცლად
"რეგისტრაციის დროებით შეჩერებას არანაირი გავლენა არ ექნება არც დიპლომების აღიარებაზე, არც დამატებითი გრანტების მოპოვებაზე და არც გაცვლით პროგრამებზე" - გივი მიქანაძე EQAR-ის გადაწყვეტილებაზე

"სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არანაირი გავლენა ამ რეგისტრაციის დროებით შეჩერებას არ ექნება არც დიპლომების აღიარებაზე, არც დამატებითი გრანტების მოპოვებაზე და არც გაცვლით პროგრამებზე. ეს პროცესები წარიმართება ისევე, როგორც აქამდე იყო და ამ დროებით შეჩერებას არანაირი გავლენა არ ექნება," - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) "საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის" რეგისტრაციის გაუქმებას გაასაჩივრებს.

გივი მიქანაძე იმედოვნებს, რომ დროებით შეჩერებული რეგისტრაცია აღდგება.

რაც შეეხება ამ პროცესებს, პირველ რიგში, ეს არის შეფასებული 2023 წლის მოცემულობებით, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია, იმიტომ, რომ 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე, მთავრობის ინიციატივით, ჩვენმა კომიტეტმა განიხილა არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შემდგომში პარლამენტში იყო წარდგენილი. მინდა გითხრათ, რომ ძირითადი რეკომენდაციები შესრულებულია.

სამწუხაროა, რომ მათ დასკვნა დააფუძნეს 2023 წლის მდგომარეობას და არა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორც პარლამენტის მიერ, ასევე, განათლების სამინისტროს მიერ გადაიდგა 2024 წლის განმავლობაში. ამიტომ ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ამ გასაჩივრების საფუძველზე წარდგენილი იქნება ყველა დეტალური ცვლილება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება მხედველობაში გატარებული და ეს შეჩერებული რეგისტრაცია აღდგება," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში, რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა. რეესტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე მიიღო, თუმცა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია.

დღის ამბები