ომის 1034-ე დღე - უკრაინის დედაქალაქში ისევ განგაშის ფონზე გათენდა. რუსეთმა დაბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. ფრონტის ხაზზე კი, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 207 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია გააცნო უკრაინის პრეზიდენტმა დიპლომატებს. ზელენსკიმ ქვეყნის მთავარ საგარეო პრიორიტეტად ისევ ევროინტეგრაცია დაასახელა.
სანამ გერმანიაში არჩევნები ჩატარდება, მოქმედი კანცლერის გაკიცხვისთვის შენიშვნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალური მდივნისგან მიიღო. მარკ რუტე ამბობს, რომ ტაურუსის ფრთოსანი რაკეტების გადაცემაზე უარის გამო უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკა ოლაფ შოლცის მიმართ, უსამართლოა.
კრიტიკა უკრაინის პრეზიდენტმა სლოვაკეთისგანაც მიიღო. უკმაყოფილება ზელენსკის იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, პირველი იანვრიდან უკრაინა რუსეთიდან ევროპისკენ გაზის ტრანზიტის შეწყვეტას გეგმავს. სლოვაკეთის პრემიერმა ზელენსკის პასუხი მოსკოვში ვიზიტით გასცა. ბოლო სამი წლის განმავლობაში რობერტ ფიცო რუსეთში პირველად ჩავიდა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. კრემლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბუნებრივი აირის მიწოდების გარდა, უკრაინის ომზეც ისაუბრეს.
ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა უნგრეთის პრემიერმაც. ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთთან ომი წააგო.
უკრაინაში ომის დასრულებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების გარანტად მთელი მსოფლიო სწორედ დონალდ ტრამპს ხედავს. ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ამის პირობა არაერთხელ დადო. დააანონსა ვლადიმერ პუტინთან უახლოეს მომავალში შეხვედრაც.
მოახერხებს თუ არა ამერიკის არჩეული პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო მოლაპარაკებებით დასრულებას, საბოლოოდ მაინც ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.