25 დეკემბერი 2024,   09:58
ვრცლად
თავს აცნობდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებად და ატყობინებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრი ავარიის შედეგად საავადმყოფოში მოხვდა - თაღლითური სქემა და მითვისებული მილიონ ლარზე მეტი

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითობის კიდევ ერთი საქმე გახსნა. დაკავებულები არიან საქართველოს, რუმინეთის უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები რომლებმაც თანხის უკანონო მითვისების საკუთარი სქემა შეიმუშავეს.

"კურიერი" დღეს ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, თუმცა კარი დაკეტილი დაგვხვდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სამართალდამცავის სტატუსით, მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრი ავარიის შედეგად საავადმყოფოში იმყოფებოდა. თანხის მითვისების მიზნით უმტკიცებდნენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მათი ოჯახის წევრის ბრალი იყო და პასუხისმგებლობის ასარიდებლად საჭირო იყო ნაღდი ფულის გაგზავნა. ნდობის მოპოვების შემდეგ კი თანხის წამოსაღებად ოჯახებთან "კურიერს" აგზავნიდნენ. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.

თაღლითობის ფაქტზე დაკავებული არიან საქართველოს, რუმინეთის და ბელარუსის მოქალაქეები. ბრალდებულთაგან ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქე გოჩა მელაიაა, რომელიც თანხის გადატანას აღიარებს, თუმცა ბრალს არა. მელაიას ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მელაიამ სამსახურის დაწყების მიზნით სოციალური ქსელის ტელეგრამის საშუალებით დაამყარა კონტაქტი სხვა ბრალდებულებთან, თუმცა თაღლითური სქემის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის წევრები მოქალაქეების კუთვნილ მილიონზე მეტ ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. დაზარალებულია 53 პირი.

დაკავებულ პირებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 ავტორი: სიმონ შანავა

 

 

დღის ამბები