28 დეკემბერი 2024,   13:44
ვრცლად
ისრაელმა ახლო აღმოსავლეთში ომის გეოგრაფია გაზარდა - "ცახალის" ავიაგამანადგურებლების სამიზნე სირიის შემდეგ იემენი გახდა

ისრაელმა ახლო აღმოსავლეთში ომის გეოგრაფია გაზარდა - "ცახალის" ავიაგამანადგურებლების სამიზნე სირიის შემდეგ იემენი გახდა, სადაც ჰუსიტების პოზიციებს ისრაელის არმია ბოლო რამდენიმე დღეა ინტენსიურად ბომბავს. ისრაელის ავიაციამ სარაკეტო დარტყმა მიაყენა იემენის დედაქალაქის, სანას აეროპორტსაც, რა დროსაც 3 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაიჭრა. სამოქალაქო აეროპორტის იერიშის დროს მასში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი და გაეროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, ერთ-ერთი დაჭრილი სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელია.

იემენის დედაქალაქის აეროპორტზე განხორციელებული ავიაიერიშის გამო გაეროს გენერალურმა მდივანმა ისრაელი გააკრიტიკა და დაგმო სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევა. თუმცა, ანტონიო გუტიერეშს არაფერი უთქვამს ჰუსიტების მიერ ისრაელის ქალაქებზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე. თელ-ავივი კი საერთაშორისო აქტორების შეშფოთებას ყურადღებას არ აქცევს, პრემიერმა ნეთანიაჰუმ გუშინ ღამე მთელი მსოფლიოს გასაგებად განაცხადა, რომ იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ ომი მხოლოდ ახლა იწყება.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელზეც ისრაელის მიერ იემენზე სარეკეტო იერიშია ასახული - "ცახალის" სამიზნე, რადიკალური დაჯგუფება "ჰუსიტების" პოზიციები გახდა. განადგურებულია სანას საერთაშორისო აეროპორტი, ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პორტები და ელექტროსადგურები. დაიღუპა ექვსი და დაიჭრა 14 ადამიანი.

სანას აეროპორტზე მიტანილი სარაკეტო იერიშის დროს, ადგილზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გაერო-ს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. ტედროსგებრეისუსი თავად არ დაშავებულა, თუმცა დაიჭრა იმ ბორტის ეკიპაჟის წევრი, რომლითაც ჯანმოს ხელმძღვანელი უნდა გამგზავრებულიყო.

იემენში სამხედრო ოპერაციის მიზეზად, "ცახალი" "ჰუსიტების" მიერ ისრაელის ქალაქებზე მუდმივ სარაკეტო იერიშებს და დრონებით თავდასხმებს ასახელებს.

იემენში დისლოცირებული ჰუსიტების დაჯგუფება, ისრაელზე თავდასხმებს პალესტინის სოლიდარობის აქტს უწოდებს. ისრაელს კი ჰუსიტების საცეცხლე პოზიციების განადგურებაში, შეერთებული შტატებიც ეხმარება.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

 

დღის ამბები