ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს ეკონომიკური ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. მისივე თქმით, ეს საჭიროა ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მიზნებისთვის.
"ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება, მე ამას ბევრად ადრე მეუბნებოდნენ, ვიდრე კენჭს ვიყრიდი. იქ, დაახლოებით, 45 000 ადამიანი ცხოვრობს. ხალხმა, სინამდვილეში, არც კი იცის, აქვს თუ არა დანიას მისი ფლობის ლეგალური უფლება, მაგრამ თუკი აქვთ, ის უნდა მოგვცენ ჩვენ, რადგან ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ეს საჭიროა თავისუფალი მსოფლიოსთვის, მე ვსაუბრობ თავისუფალი სამყაროს დაცვაზე.
შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ჩინური და რუსული გემები ყველგან, იმ ტერიტორიაზე - ამას არ დავუშვებთ. თუ სურს დანიას გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ არავინ იცის, აქვთ თუ არა ამის უფლება, მაშინ ხალხი მხარს დაუჭერს ან დამოუკიდებლობას, ან ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილად გახდომას, მაგრამ თუ მათ ეს ეცოდინებათ, მე დავუწესებ დანიას ძალიან მაღალ ტარიფს.
პანამა და გრენლანდია ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის გვჭირდება, პანამის არხი აშენდა სამხედრო მიზნებისთვის, პანამის არხი ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - მას ახლა ჩინეთი აკონტროლებს. პანამის არხი ჩვენ გადავეცით პანამას და არა ჩინეთს და მათ მიიტაცეს ის, მათ გამოიყენეს ეს საჩუქარი ბოროტად. ძალიან კარგი იქნება მექსიკური ყურის სახელის ცვლილებაც - მას უნდა დაერქვას ამერიკის ყურე. ამერიკის ყურე - რა ლამაზი სახელია," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მედიის კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა ის სამხედრო ძალას კანადასთან დაკავშირებით, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ გამოიყენებს არა სამხედრო, არამედ ეკონომიკურ ძალას. "ისინი ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის გვჭირდება", – განაცხადა ტრაპმა.
იქამდე მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კანადაში ბევრს სურს ამერიკის 51-ე შტატად ყოფნა. ამით ის კანადის პრემიერ მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს გადადგომას გამოეხმაურა.
"ამერიკა და კანადა ერთიანად ძალიან საინტერესო რამ იქნებოდა. ეს არის ხელოვნურად გავლებული ხაზი. ეს, ასევე, უკეთესი იქნებოდა ეროვნული უსაფრთხოებისთვის - არ დაგავიწყდეთ, ჩვენ ვიცავთ კანადას. ჩვენ არ გვჭირდება არაფერი, რაც მათ აქვთ - არ გვჭირდება მათი რძის პროდუქტები, რადგან ჩვენ იმაზე მეტი გვაქვს, ვიდრე მათ. ჩვენ არაფერი არ გვჭირდება მათგან და, ამ შემთხვევაში, რატომ ვკარგავთ 200 მილიარდზე მეტს წელიწადში კანადის დასაცავად?! მე ეს ვუთხარი კიდეც გუბერნატორ ტრუდოს - როგორც მე მას ვუწოდებ - მე მას ვუთხარი, რა მოხდება, თუ ჩვენ თქვენს სუბსიდირებას აღარ მოვახდენთ, რადგან ჩვენ მათ ვაძლევთ ძალიან ბევრ ფულს და ვეხმარებით," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.