გიორგი აბაშვილის ქუჩაზე პოლიცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მივიდა. რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებები ერთი პირის დაკავებით დასრულდა. თურქმენეთის მოქალაქე სამართალდამცველებმა საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
ადგილობრივები "კურიერთან" აცხადებენ, რომ დაკავებული ქირით ცხოვრობდა. ირკვევა, რომ ბრალდებულმა 2 600 ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება სახლიდან გაყიდა.
ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტია ასახული, საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია სასწორი და რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე იმსჯელა რუსთავის საქალაქო სასამართლომ და ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება გამოძიება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს. მამედ ისაევი გარდაბანში მაშინ აიყვანეს, როდესაც ავტომობილით ქუჩაში გადაადგილდებოდა. ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ მანქანიდან ნარკოტიკული საშუალება - კოკაინი ამოიღო. დაკავებული ბრალს აღიარებს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია ისლამური სახელმწიფოს ორი მოქალაქეც. "კურიერის" ინფორმაციით, ორივე მათგანი ნარკორეალიზატორია. საგამოძიებო ექსპერიმენტში ბრალდებულებმა სამართალდამცველებს თავად აჩვენეს 8 სხვადასხვა მისამართი, სადაც სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ინახავდნენ.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით სულ 5 პირია დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.