24 სექტემბერი 2026,   10:38
ვრცლად
ფოტოსესია კავკასიონზე და პარაპლანით ფრენა - როგორ აღწერს საქართველოს ჩინელი მსახიობი და ინფლუენსერი, რომელსაც 11 მილიონი გამომწერი ჰყავს

ცნობილი მსახიობი და ინფლუენსერი საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებს ახლა მსოფლიოს გაუზიარებს. სუნ იმ, რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისი, მცხეთა, ანანური, გუდაური და ყაზბეგი მოინახულა, ქართული ღვინო დააგემოვნა და ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას გაეცნო.

ცნობილი მსახიობის ვიზიტის პარალელურად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო კომპანია "Dragon Trail International-თან" თანამშრომლობით, ჩინეთის 10-მდე წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა. ისინი საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ჩინელმა ტუროპერატორებმა ქართველ კოლეგებთან B2B ფორმატის სამუშაო შეხვედრები გამართეს - დაამყარეს პირდაპირი ბიზნესკონტაქტები და მომავალი თანამშრომლობის ორიენტირები განსაზღვრეს.

ჩინელი ტუროპერატორები საქართველოში მიღებული გამოცდილების საკუთარ ბაზარზე გაზიარებას და ქართული ტურისტული პროდუქტების ჩინელი მოგზაურებისთვის შეთავაზებას გეგმავენ.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქართული და ჩინური ტურისტული კომპანიების დაკავშირება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს - საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის კიდევ უფრო გასაზრდელად.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

 
დღის ამბები