მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ქებიდან კრიტიკამდე - ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპირობო მხარდამჭერის მიმართ რიტორიკა შეცვალა და შტატები შესაძლო კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა. ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ შტატების მიერ გამოყოფილი 177 მილიარდი დოლარის დახმარებიდან უკრაინამ მხოლოდ ნახევარი მიიღო.
ზელენსკის კითხვას კითხვითვე უპასუხა ამერიკელმა პოდკასტერმა. ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც საკითხზე საუბრისგან ამ დრომდე თავს იკავებდა.
ზელენსკის ბრალდებებს, დღეს არც მოქმედი პრეზიდენტი გამოეხმაურა და არც არჩეული. თუმცა, მანამდე დონალდ ტრამპმა უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გააკეთა. ის ფიქრობს, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯებზე მთლიანი შიდა პროდუქტი 2%-დან 5%-მდე უნდა გაზარდონ.
ტრამპისა და ზელენსკის განცხადებებზე ნატოს წევრ სახელმწიფოებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუს იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკული იარაღის მიწოდების პროცესში კორუფციის ნიშნებზე საუბრობდა.
პოლიტიკური ფრონტის პარალელურად, უკრაინა ბრძოლის ველზე ბრძოლასაც განაგრძობს. რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის მხოლოდ ბოლო 24 საათში 176 შეტაკება მოხდა. ყველაზე ცხელ წერტილად ისევ დონეცკი რჩება, სადაც რამდენიმე ქალაქში რუსეთისა და უკრაინის არმიებს შორის ქუჩის ბრძოლებიც მიმდინარეობს.