09 იანვარი 2025,   11:49
ვრცლად
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც მსოფლიო მმართველობის პირობებში საქართველოს გამოწვევებზეც საუბრობს - ამბავი "დიფ სთეითზე"

მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭო, მსოფლიოში არსებულ გლობალურ გამოწვევებს დღეს სპეციალური წერილით გამოეხმაურა. სახელისუფლებო პარტიის მიერ გავრცელებულ ტექსტში დიდი დრო ეთმობა ე.წ. დიფ სთეითის და მის ნეგატიურ გავლენას ქართულ და საერთაშორისო პოლიტიკაზე. სახელისუფლებო გუნდში ღიად ამბობენ, რომ საქართველო უცხოეთში გავლენის მქონე ძალებისგან მეორე ფრონტზე უარის გამო ისჯება - მუქარა კი ე.წ. დიფ სთეითის წარმომადგენლების მხრიდან, ქართველი მაღალჩინოსნების კაბინეტებში უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ისმოდა. "ქართულ ოცნებაში" ამ ძალებს უკავშირებენ სანქციებსაც, რომლის ერთადერთ მიზანსაც, მათი თქმით, დესტაბილიზაცია წარმოადგენს.

პოლიტიკური საბჭოს წერილს დღეს საპარლამენტო უმრავლესობიდანაც გამოეხმაურნენ. თქვეს, რომ "დიფ სთეითის" გავლენა ევროპულ სტრუქტურებზე ჯერ ისევ მაღალია. კანონმდებლების აზრით, ამას ევროპარლამენტის მიერ ბოლო დროს საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციებიც ადასტურებს.

ე.წ. დიფ სთეითის და მისი გავლენების რეალურობის არ სჯერათ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, დემონსტრაციებმა თბილისში ხელისუფლება საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოაქცია, წერილი კი, მათი თქმით, სწორედ ამ წნეხის განეიტრალების მცდელობას ისახავს მიზნად.

ოპონენტების პოზიცია არ უკვირთ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ქართული ოპოზიცია ე.წ დიფ სთეითის გავლენის ქვეშაა. "ოცნებაში" დღეს ისიც თქვეს, რომ ოპოზიცია და მათი ლობისტები ქვეყანაში არეულობის შექმნას წლებია ცდილობენ, თუმცა წარუმატებლად.

სახელისუფლებო პარტიის მიერ გავრცელებული ვრცელი წერილის დასკვნითი ნაწილი, "დიფ სთეითის" მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებს ეთმობა. "ოცნების" პოლიტსაბჭო დარწმუნებულია, რომ თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლით ვითარება რადიკალურად შეიცვლება.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ სპეციალური წერილი დღეს გაავრცელა. სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ 20 იანვრიდან ქართულ-ამერიკული და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა გაჩნდება.

დღის ამბები