09 იანვარი 2025,   12:47
ვრცლად
ტრამპი არ აზუსტებს გამორიცხავს თუ არა, გრენლანდიის ძალისმიერი მეთოდებით მისაკუთრებას - ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გეგმები შეერთებული შტატების საზღვრებს სცდება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. დონალდ ტრამპი ჟურნალისტის ამ შინაარსის შეკითხვას ერთი და მოკლე სიტყვით პასუხობს - "არა". ეროვნული უსაფრთხოებისთვის ტრამპს გრენლანდიასთან ერთად ამერიკის საკუთრებაში, პანამის არხის ხილვაც სურს.

მართალია ამერიკის პრეზიდენტის ვაჟი ამბობს, რომ ის გრენლანდიაში მხოლოდ ტურისტული მიზნებით ჩავიდა, თუმცა უფროსი ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებების გათვალისწინებით, უმცროსის ნუუკში მოულოდნელად ჩაფრენის რეალური მიზეზის გამოცნობა რთული არ არის.

შესაძლოა ტრამპებს საკუთარი გეგმები აქვთ, თუმცა მათ დანიიდან უკვე უპასუხეს. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრენლანდიის მომავალი მხოლოდ გრენლანდიაში განისაზღვრება. კიდევ ერთი სახასიათო ფაქტი - დანიის მეფე ფრედერიკ მეათემ სამეფო გერბის შეცვლის განკარგულება გამოსცა. გერბის ახალ ვერსიაში დიდი ყურადღება ეთმობა დანიის სამეფოს ავტონომიური რეგიონების - ფარერის კუნძულებისა და გრენლანდიის სიმბოლოებს.

ამერიკის პრეზიდენტს ევროკავშირიდანაც შეახსენეს, რომ სხვა ქვეყნის სუვერენულ საზღვრებზე თავდასხმა დაუშვებელია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო ვარაუდობს, რომ არქტიკულ კუნძულზე კონტროლის დასამყარებლად აშშ სამხედრო ძალას არ გამოიყენებს, თუმცა ყველა მხარის გასაგონად ამბობს, რომ ევროპა ძლიერი კონტინენტია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკუთარი ინტერესები გამოხატა კანადასთან მიმართებითაც. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც აშშ-ისა და კანადის ტერიტორია აშშ-ის ეროვნული დროშით არის დაფარული. რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე კი თქვა, რომ კანადასა და ამერიკას შორის ხელოვნური ხაზია გავლებული.

კოპენჰაგენის მსგავსად, ტრამპს ოფიციალური ოტავადანაც უპასუხეს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტრუდომ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მცირე შანსიც არ არსებობს, კანადა ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს. ტრუდოს განცხადებით, ორივე ქვეყნის საზოგადოება სარგებელს იღებს იმით, რომ აშშ და კანადა სავაჭრო და უსაფრთხოების საკითხებში ერთმანეთის პარტნიორები არიან. კანადის ყოფილი პრემიერის მოსაზრებას, მილიარდერის და ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წევრის, ილონ მასკის დამცინავი პასუხი მოყვა.

როგორი მეთოდებით და ფორმებით გააგრძელებს ბრძოლას დონალდ ტრამპი რამდენიმე დღეში გაირკვევა. აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

დღის ამბები