გადადებულ ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთი განმარტება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა "რადიო თავისუფლებასთან" გააკეთა. ინტერვიუში პია კაუმამ თქვა, რომ თბილისში ჩამოსვლის შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მისგან - ახალი არჩევნების თარიღის განსაზღვრასა და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას მოითხოვდა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებისგან განსხვავებით, სხვა პოლიტიკურ ძალებში შეხვედრისთვის საკმარისი მზაობა არ აღმოჩნდა. ფინელმა პოლიტიკოსმა მისი ქვეყნის მაგალითით თქვა ისიც, რომ მთავრობის ლეგიტიმაციაზე გარედან საუბარი ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს აყენებს.
"ჩემი აზრით, პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ სრულყოფილი არავინაა - ყველა ქვეყანაშია ისეთი საკითხი/თემა, რაც გაუმჯობესებას საჭიროებს, ვერავინ დაიკვეხნის, რომ დემოკრატიის საბოლოო, ფინალურ დონეს მიაღწია. ყოველთვის არის გასაუმჯობესებელი საკითხები. მაგრამ ფინეთის შემთხვევას თუ მოვარგებთ ამ ყველაფერს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას."
პია კაუმას ინტერვიუს ამ ნაწილს, პარლამენტის თავმჯდომარე პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოზიცია ზოგი ევროპელი პოლიტიკოსის ხედვას ეწინააღმდეგება და სწორედ ამიტომ გახდა ის თავდასხმის სამიზნე.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ლეგიტიმაციის დადასტურების მნიშვნელოვანი წყარო უცხოეთია და საქართველოს შემთხვევაშიც აღიარება სხვა სახელმწიფოების მხრიდან უნდა მოხდეს.
სახელისუფლებო პარტიაში ოპოზიციას, ისევე, როგორც უცხოეთში მათ პოლიტიკურ თანამოაზრეებს, მოუწოდებენ პატივე სცენ მოქალაქეების არჩევანს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მთავრობის ლეგიტიმაციის საკითხი დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ მაშინ მოიხსნა, როცა არჩევნებიდან მეორე დღეს სწორედ ეუთოს/ოდირის მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულად შეაფასა.
საპარლამენტო არჩევნებს ეუთო/ოდირის 500-მდე წარმომადგენელი აკვირდებოდა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, საბოლოო ანგარიში რეკომენდაციებთან ერთად გამოქვეყნებულია. პია კაუმამ ინტერვიუში ეუთოს დასკვნაში გამოყენებულ ტერმინებზეც ისაუბრა და თქვა, რომ არჩევნების შეფასებისას ეუთო ზოგადად არ იყენებს ტერმინს "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“ და მათი მანდატი იმით შემოიფარგლება იყო თუ არა არჩევნები კონკურენტული და ჰქონდა თუ არა ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა, თავისუფლად ჩაეტარებინა კამპანია.