10 იანვარი 2025,   01:07
ვრცლად
"ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები" - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომის საქმეზე  პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა დააანონსა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიების ადრესატები სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები არ იქნებიან.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოჰკითხავს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ასევე ნებისმიერ სხვა ადამიანს, რომელსაც, შესაძლოა, შემხებლობა ან ინფორმაცია ჰქონდეს საქმესთან დაკავშირებით.

"სპეკულაციების გამოსარიცხად, იმთავითვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.

დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოჰკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში ან რომელიც შეიძლება ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში არსებული ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის.

ამავე თემაზე
დღის ამბები