14 თებერვალი 2025,   21:19
ვრცლად
"შეთანხმების მიღწევისა და აგრესიული ომის დასრულების გამოცხადებით, ჩვენ მადლიერების სიტყვებით ვიხსენებთ, ვინც რთულ დროს ჩვენს ხალხთან ერთად იყო" - "ჰამასის" ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ღაზაში

ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ღაზაში, ხალილ ალ-ხაია ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით საუბრობს.

"ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა უსაფრთხოების სფეროში საბრძოლო მიღწევაა, ჩვენი ხალხისა და ჩვენი წინააღმდეგობის ისტორიულ სიამაყედ დარჩება, ეს თაობიდან თაობას გადაეცემა მას შემდეგ, რაც მტერს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. ჩვენი ხალხი აღიდგენს საკუთარ ყველა უფლებას და თუ ღმერთის ნება იქნება, ეს ოკუპაცია მალე ჩვენს მიწას დატოვებს. დღეს, შეთანხმების მიღწევისა და აგრესიული ომის დასრულების გამოცხადებით, ჩვენ მადლიერების სიტყვებით ვიხსენებთ, ვინც რთულ დროს ჩვენს ხალხთან ერთად იყო", - აღნიშნა ხალილ ალ-ხაიამ.

გარდა ამისა, შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა ყატარის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმიმ.

"ორივე მხარისა და მოლაპარაკებების მონაწილეების დადასტურებით, ამ შეთანხმების გარშემო სამუშაოები მიმდინარეობს, რათა უმოკლეს დროში მოლაპარაკებების პროცედურები დავასრულოთ. შეთანხმების რეალიზაცია კვირას, 19 იანვარს დაიწყება. რეალიზების ზუსტი ვადები უფრო მოგვიანებით იქნება განსაზღვრული. შეთანხმების პირველი ეტაპი 42 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ის მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას, ისრაელის ჯარის ღაზას სამხრეთ ნაწილში დასახლებული პუნქტებიდან გაყვანას, ტყვეების გაცვლას შესაბამისი დადგენილი მექანიზმის მიხედვით, დაღუპულთა ცხედრების გაცვლასა და დევნილების საკუთარ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებას", - განაცხადა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმიმ.

თითქმის 500-დღიანი ომის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში შეთანხმება მიღწეულია - "ჰამასი" მზად არის ისრაელს 33 მძევალი გადასცეს, სანაცვლოდ კი, ისრაელი პირობას დებს, რომ გაათავისუფლებს პალესტინელ პატიმრებს.

6-კვირიანი ცეცხლის შეწყვეტა, 600 მანქანა ჰუმანიტარული ტვირთით და ისრაელის სამხედრო ძალების ანკლავიდან ეტაპობრივად გაყვანა - სამეტაპიანი შეთანხმებიდან, აღნიშნული პუნქტების გარდა, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მძევლებია. თითოეული მშვიდობიანი მძევლის სანაცვლოდ, "ჰამასი" მიიღებს 30 მსჯავრდადებულს, ხოლო თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის - 50 პატიმარს. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დრომდე არ კონკრეტდება გასათავისუფლებელი მძევლები ცოცხლები არიან თუ ლაპარაკია ცხედრების გადაცემაზე.

 

დღის ამბები