07 თებერვალი 2025,   11:28
ვრცლად
"ბაჩიაშვილმა ურჩია ჩემს მარწმუნებელს, მყისიერი რეალიზაცია იმ მომენტისთვის არსებული ბიტკოინების, თუმცა, რამდენი იყო ეს ბიტკოინები, რამდენი დასჭირდა კრედიტის გადაფარვას და რამდენი დარჩა, ეს ახლაც უცნობია" - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და დაიკითხა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე.

სხდომაზე წიქვაძემ დეტალურად ისაუბრა საქმის დეტალებზე და შეთანხმებაზე "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის, რომელიც, მისი თქმით, ბაჩიაშვილმა არ შეასრულა.

"დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ საინვესტიციო თანხა გამოყო ჩემმა მარწმუნებელმა მის ბენეფიციარულ საკუთრებაში არსებული ბანკის მეშვეობით და გაიცა საბანკო კრედიტის თანხა. პირდაპირი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საბანკო კრედიტის უზრუნველყოფა განახორციელა ჩემმა მარწმუნებელმა მისი პირადი ფულადი სახსრებით. პირდაპირი მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ ჩემი მარწმუნებელი იყო ერთადერთი პირი, ვინც აიღო რაიმე რისკი აღნიშნულ ინვესტიციასთან დაკავშირებით.

განხორციელდა ინვესტიცია, ჩემს მარწმუნებელს დაუდასტურეს, რომ თანხები აისახა "მიშენ გეითის" ანგარიშზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბატონმა ბაჩიაშვილმა ჩემს მარწმუნებელს მიმართა და უთხრა, რომ გარკვეული არასტაბილური ვითარება იყო ამ კონკრეტულ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. ურჩია ჩემს მარწმუნებელს, რომ მყისიერი რეალიზაცია განხორციელებულიყო ამ მაინინგის შედეგად იმ მომენტისთვის არსებული ბიტკოინების, თუმცა, რამდენი იყო ეს მაინინგის შედეგად მოპოვებული ბიტკოინები, რამდენი დასჭირდა ამ კრედიტის გადაფარვას და რამდენი დარჩა შემდგომ, ეს ფაქტები არათუ მაშინ, ახლაც უცნობია ჩვენთვის," - განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის დაკითხვასთან დაკავშირებით ისაუბრა პროკურორმა.

"დაზარალებულის წარმომადგენლის ჩვენება იყო ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება, იმიტომ, რომ ამ ჩვენებით დადასტურდა აბსოლუტურად ყველა არსებითი გარემოება და ბრალის ყველა კომპონენტი, რასაც ბრალდება ედავება გიორგი ბაჩიაშვილს. დადასტურდა, რომ დაზარალებული იყო ინვესტორი და ბრალდებულმა ეს თანხა მითვისა და შემდგომ მოახდინა აქტივების ლეგალიზაცია", - აღნიშნა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალი 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. პროკურატურის ინფორმაციით, მან 9 000-მდე ბიტკოინი მიითვისა, რომლის ღირებულებაც იმ პერიოდში 43 მილიონამდე დოლარს შეადგენდა.

დღის ამბები