18 მარტი 2025,   03:01
ვრცლად
ზაზა ლომინაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მუსა გულიევს შეხვდა, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის  კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობის გაძლიერებაზე, მათ შორის, საპარლამენტო კავშირების განვითარებასა და განმტკიცებაზე ისაუბრეს.

"შეხვედრაზე, ბუნებრივია, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში თანამშრომლობას დაეთმო ყურადღება. შევთანხმდით ერთობლივი სამედიცინო ტურიზმის განვითარებაზე. გადაწყდა, რომ  ვითანამშრომლებთ ტრანსპლანტაციის მიმართულებით, ასევე ვიმუშავებთ მიგრაციული პროცესებისა და დემოგრაფიული პრობლემების ერთობლივად მოგვარებაზე, ვინაიდან ეს საკითხები ორივე ქვეყნისათვის აქტუალურია", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

მხარეები კომიტეტების სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებზეც შეთანხმდნენ და შეჯერდნენ იმის თაობაზე, რომ მომავალი შეხვედრა კომიტეტების დონეზე აზერბაიჯანში შედგება.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე.

დღის ამბები