18 მარტი 2025,   16:41
ვრცლად
თამბაქოს წარმოების ლიცენზიის აღების ვადა 2026 წლის იანვრამდე გადაიწევს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტები განიხილა.

"ცვლილების თანახმად, 2026 წლის პირველ იანვრამდე თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე საქმიანობად არ ჩაითვლება "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრული თამბაქოს წარმოება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა საკითხის წარდგენისას აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლილებით, თამბაქოს წარმოების ლიცენზიის აღების ვადა გადაიწევს 2026 წლის 1 იანვრამდე, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს საკუთარი წარმოება აღჭურვონ კანონმდებლობის შესაბამისად და აიღონ ლიცენზია, ისე რომ არ შეფერხდეს საწარმოო პროცესი", - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კანონპროექტის თანახმად, თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მაძიებელზე ლიცენზია გაიცემა თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პირობებს. მათ შორის, თუ თამბაქოს ნაწარმის ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით საწარმო უზრუნველყოფილია საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად აღჭურვილი სათანადო ლაბორატორიით.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელსაც პარლამენტი გამარტივებული წესით განიხილავს.

დღის ამბები