
This is a modal window.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განაჩენის შემდეგ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ მტრად გამოაცხადა. წყალგამყოფი სააკაშვილის საკითხია, თუმცა სადავო - კიდევ უფრო მეტი. "ნაციონალური მოძრაობა" სალომე ზურაბიშვილს ვერც იმას პატიობს, რომ, კონსულტაციების მიუხედავად, საერთოო ოპოზიციური ერთობა ამ დრომდე ვერ შედგა.
ექსპრეზიდენტის პარტიამ ზურაბიშვილზე პოლიტიკური იერიში რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან ინტერვიუს შემდეგ მიიტანა, სადაც ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს ყოფილა. ამ განცხადებიდან მალევე, ჯერ ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ზურაბიშვილი მისთვის პრეზიდენტი აღარ არის და არც მისი აზრი აინტერესებს, შემდეგ კი გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, რომ ყველა წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა სწორედ სალომე ზურაბიშვილს ეკისრება.
გუბაზ სანიკიძისა და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრების პოზიციების ცვლილება არ უკვირთ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის პარტიას მოქმედების სცენარს უცხოელი დამფინანსებლები კარნახობენ.
"ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებენ სხვა ოპოზიციური ჯგუფებიც, სადაც გაერთიანების იდეას, მათ შორის, ექსპრეზიდენტის პარტიის პოლიტიკური წარსულის გამო ემიჯნებიან.
სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციაში შექმნილ კრიზისზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ოპონენტების გაერთიანებას ვერც სალომე ზურაბიშვილი მოახერხებს, რადგან მათი პოლიტიკური წარმატების შანსი მინიმუმამდეა შემცირებული.
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციებს უკვე 5 თვეა მართავს, "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" კი პირველი პოლიტიკური გაერთიანებაა, ვინც ზურაბიშვილს ღიად დაუპირისპირდა.