
This is a modal window.
6-საათიანის გამოკითხვის შემდეგ, გვიან ღამით დატოვა პროკურატურის შენობა ლევან ნიკოლეიშვილმა. საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ის უკვე რიგით მესამე მოწმეა, ვისი ჩვენებაც საგამოძიებო უწყებამ მიიღო. "ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ, არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, კანონის წინაშე პასუხისგება არაერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მოუწევს.
გამოძიება სწორედ "ნეიტრალური საქართველოს" მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. მოძრაობა საგამოძიებო ჯგუფისგან ითხოვს, გამოვლინდეს ჯაშუშური ქსელი და ბოლო 13 წლის განმავლობაში, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების რევოლუციით დამხობის გეგმები გამოიძიოს.
"მოთხოვნა არის ძალიან მარტივი; მოგეხსენებათ, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შექმნეს ქვეყანაში ერთგვარი ხელოვნური ქაოსი, რაღაც კრიზისის მომენტები, რყევები, მიმდინარეობდა რევოლუციური სცენარების განხორციელების მცდელობა და ამ ყველაფერთან ერთად ამ საკითხებში იყო ჩართული გარკვეული უცხოური აქტორებიც და დამფინანსებლებიც. ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს დესტაბილიზაციის მცდელობა, მშვიდობა არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რომელიც გაგვაჩნია", - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დამფუძნებელი ლევან ნიკოლეიშვილი.