
This is a modal window.
დღეს ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ კიდევ ერთ რეზოლუციას უყრის კენჭს - შეჯერებული ვერსიის პროექტში საუბარია ახალ არჩევნებზე, აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებაზე, ასევე გარკვეული პირების - მთავრობის წევრების, მოსამართლეების, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების დასანქცირებაზე. მოთხოვნათა ჩამონათვალშია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაც.
საპირისპირო მოწოდებით გამოდის ევროპის სუვერენულ სახელმწიფოთა ჯგუფი. მათ სარეზოლუციო წარდგინებაში წერია, რომ გმობენ საპარლამენტო არჩევნების არაღიარების ინიციატივას და ევროკავშირს საქართველოს არჩეულ მთავრობასთან დიალოგისკენ მოუწოდებენ.
რეზოლუციის პროექტს "ქართულ ოცნებაში" უკვე უწოდეს არასერიოზული. მათი განმარტებით, დოკუმენტი არ ასახავს რეალობას და ის ოპოზიციის დღის წესრიგზეა მორგებული.
"არც ევროპარლამენტის რეზოლუცია არ ღირს, ჩირის ფასი არა აქვს, და, რასაკვირველია, არც ამ თაღლითების გამოსვლას არა აქვს არანაირი მნიშვნელობა. ევროპარლამენტს თავისი გეგმა და ხედვა აქვს მიუხედავად იმისა, ეს თაღლითები იქ ჩავლენ თუ არ ჩავლენ, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს დაზიანებისთვის ერთნი არიან "ნაცმოძრაობა" და ევროპარლამენტში გაძლიერებული ამ სახალხო პარტიის ჯგუფი", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.