
აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდი USS Harry S. Truman-ი ოთხშაბათს საღამოს, ხმელთაშუა ზღვაში, ეგვიპტის სანაპიროსთან, პორტ-საიდთან, დიდ სავაჭრო გემს შეეჯახა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
"Nimitz-ის კლასის ავიამზიდი USS Harry S. Truman (CVN 75) 12 თებერვალს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 23:46 საათზე, ხმელთაშუა ზღვაში, ეგვიპტის სანაპიროსთან, პორტ-საიდთან ახლოს, სავაჭრო გემ Besiktas-M-ს შეეჯახა“, - ნათქვამია საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის განცხადებაში.
მედიის ცნობით, მსგავსი ტიპის შეჯახება იშვიათი მოვლენაა. შეჯახების მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
ავიამზიდზე, რომელსაც 5000 ეკიპაჟის წევრი ჰყავს, მსხვერპლის ან გემბანის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება.
ცნობისთვის, ავიამზიდი 100 000 ტონას იწონის, ხოლო სავაჭრო გემი, რომელიც პანამის დროშის ქვეშ ცურავდა 53 000 ტონიანია.