გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, ხოლო კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა.
"საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. დაბალი ტემპერატურის გამო, კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია დაზიანდეს ციტრუსოვანი კულტურები, განსაკუთრებით ლიმონი. (საფრთხის დონე საშუალო)," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.