სამსახურებრივი მოვალეობის არასრულფასოვნად შესრულება, რამაც განსაკუთრებულად დიდი ფინანსური ზარალი გამოიწვია - პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის ახალი ბრალი წარუდგინა. საგამოძიებო უწყებამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს და მის ადვოკატს საქმის მასალები დღეს გადასცა. საუბარია "მტკვარი ჰესის" მშენებლობაზე, რომელსაც თანაინვესტირების ფონდი ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით აშენებდა. ჰესი ექსპლუატაციაში 2019 წელს უნდა შესულიყო, თუმცა მისი მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილმა, კვლევების მიუხედავად, რისკები არ გაითვალისწინა.
"მტკვარი ჰესის" საინვესტიციო ღირებულება თავდაპირველად 140 მილიონ დოლარს შეადგენდა. თუმცა პროექტში, რომელსაც თანაინვესტირების ფონდის საფარქვეშ "ჯი სი ეფ ლუქსემბურგი" ახორციელებდა 240 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა. 6 წლით გადაიწია მისი ექსპლუატაციაში შესვლის ვადამაც. ბრალდების მტკიცებით, ბაჩიაშვილის დამაზიანებელმა გადაწყვეტილებებმა ინვესტორის ხარჯების მოცულობა სოლიდურად გაზარდა.
ბრალს აბსურდული უწოდა დღეს პროკურატურაში მისულმა გიორგი ბაჩიაშვილმა. თანაინვესტირების ფონდის დირექტორის თქმით, ფონდში გადაწყვეტილებები 5-კაციანი ბორდის მიერ მიიღებოდა, რაც მის ინდივიდუალურ სამსახურებრივ გულგრილობას გამორიცხავს. ბაჩიაშვილის "მტკვარი ჰესის" პროექტს წარმატებულად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
ბაჩიაშვილის ბრალდებებს მის მიმართ პოლიტიკურ შურისძიებაზე სპეკულაციურს უწოდებენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიის ლიდერებმა, დღეს, განმარტეს, რომ ბაჩიაშვილის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. ნებისმიერი სხვა სახის განცხადება კი მისი მხრიდან პასუხისმგებლობის არიდების მცდელობაა.
გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს..