11 აგვისტო 2026,   18:59
ვრცლად
"მარია ბუენოს-აირესიდან" - მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ლეგენდარული ოპერეტა გაცოცხლდება

ლეგენდარული ოპერეტა - "მარია ბუენოს-აირესიდან" მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გაცოცხლდება.

ასტორ პიაცოლას მიერ ტანგოს ჟანრში დაწერილი ისტორია ერთ სივრცეში ჯაზის, ტანგოსა და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს გააერთიანებს.

მუსიკალურ პერფორმანსს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი "საქართველოს სიმფონიატა" წარმოადგენს, რამდენიმე დღეში კი გუნდს ესპანეთიდან, გერმანიიდან და არგენტინიდან შეუერთდებიან მუსიკოსები.

ასტორ პიაცოლა მეოცე საუკუნის "ტანგოს მეფედ" აღიარებული, არგენტინელი კომპოზიტორია, რომელმაც კლასიკური მუსიკისა და ჯაზის ელემენტებით, ტანგოს ახალი სტილი - "ტანგო ნუევო" შექმნა.

"მარია ბუენოს აირესიდან" ოპერა - ტანგოს ჟანრში დაწერილი, ერთადერთი ოპერეტაა, რომლის პრემიერა გასული საუკუნის 70-იან წლებში ბუენოს აირესში შედგა და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ამ ჟღერადობის მოსმენა განსაკუთრებული მოვლენა გახდა.

ისტორია ბუენოს-აირესის გარეუბანში დაბადებული გოგონას ცხოვრების ირგვლივ ვითარდება. 17 სხვადასხვა სცენა მარიას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გვიამბობს.

ასტორ პიაცოლას ცეცხლოვანი რიტმებით, მუსიკოსების არაჩვეულებრივი შესრულებითა და რეჟისორის ორიგინალური დადგმით ბუენოს აირესელი მარიას თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოგზაურობა 8 მარტიდან დაიწყება.

დღის ამბები