
საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის ელჩის სტუმრობამ ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების განსაკუთრებული რეაქცია გამოიწვია. ემოციები საჯაროდ ვერ დამალეს და დიპლომატი დიპლომატიური საქმიანობისთვის მწვავედ გააკრიტიკეს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების კომენტარები საელჩოს ოფიციალურ განცხადებას მოჰყვა, სადაც ეწერა, რომ ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პრიორიტეტები გააცნო. აქტიურობდნენ ოპოზიციის ლიდერებიც.
"ნაციონალურ მოძრაობაში" საკუთარი თანაგუნდელების კომენტარები ვერ გაიხსენეს. ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს რიტორიკა შეცვალეს. ერთი მხრივ, ამბობდნენ, რომ რობინ დანიგანისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, მეორე მხრივ კი აცხადებდნენ, რომ ოპოზიციის კრიტიკული გამოხმაურებები ბუნებრივი რეაქცია იყო.
შეხვედრის ნეგატიურ გამოხმაურებებს ნეგატიურად აფასებს ოპოზიციის ერთი ნაწილი, სადაც მიაჩნიათ, რომ მათ კოლეგებს, სახელმწიფო პრიორიტეტების ნაცვლად, მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აღელვებთ.
ოპონენტებისა და მათი მხარდამჭერების რეაქცია მმართველ გუნდს არ გაჰკვირვებია. "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ ამერიკის ელჩის ნაბიჯმა, რომელიც დიპლომატიური სამუშაოს ნაწილია, ოპოზიციის სასოწარკვეთა გამოიწვია, რასაც უმრავლესობის წევრები და დეპუტატები მათი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობით ხსნიან.
რობინ დანიგანისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, მოგვიანებით კი განცხადება გამოაქვეყნა დიპლომატიურმა უწყებამაც. ითქვა, რომ შეხვედრა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობას უკავშირდებოდა.