16 მარტი 2025,   15:42
ვრცლად
სიახლე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში - პაციენტს, ე.წ. VIP პალატით სარგებლობის შემთხვევაში, პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა აღარ მოუწევს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      სიახლე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და სერვისები, რომელიც მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება - იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი, ე.წ VIP პალატით ისარგებლებს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა აღარ მოუწევს. გადაწყვეტილება სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ნებისმიერ პაციენტს ეხება. შესაბამისი განკარგულება ჯანდაცვის მინისტრმა ხელმოწერით დაადასტურა, გადაწყვეტილების მთავარ მიზნად პაციენტების ინტერესების დაცვა დასახელდა.

      ქეთევან ნოზაძე პირველ შვილს მოუთმენლად ელის და ყველაზე მნიშვნელოვანი დღეების გასატარებლად უკვე ემზადება. მისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი შეთავაზება, რომლის მიხედვითაც პაციენტს შეუძლია, ისე აირჩიოს ე.წ. VIP პალატა, რომ აღარ თქვას ერთჯერადი უარი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე, მნიშვნელოვანია.

      სიახლე ეხება სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ნებისმიერ პაციენტს, რომელიც სამედიცინო მომსახურების მიღებისას ე.წ VIP პალატას აირჩევს. კრიტერიუმები განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო სექტორის ერთობლივი კონსულტაციების შედეგად. მაღალი კლასის, იზოლირებულ სასტუმროს ნომრის ტიპის პალატა, დამატებითი სივრცეები, რომლებიც პაციენტისთვის მეტ კომფორტს უზრუნველყოფს - პირველი და მეორე კატეგორიის პალატების ღირებულება უკვე გაწერილია.

      ე.წ. VIP პალატის სარგებლობის დროს, თანაგადახდის შესაძლებლობისთვის შესაბამის ბრძანებას ჯანდაცვის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. ურთიერთობების დაბალანსება სახელმწიფოს, პაციენტსა და კლინიკას შორის ისე, რომ არცერთი მხარის ინტერესი არ შეილახოს - ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ეს უწყების მთავარი პრიორიტეტია. პროგრამის ფარგლებში, პაციენტს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება და თუ მას ე.წ. VIP პალატით სარგებლობა არ სურს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ზოგადი წესის მიხედვით ისარგებლებს.

      კლინიკაში სიახლის ამოქმედებისთვის, ხელმძღვანელმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უნდა მიმართოს და შესაბამისი ნებართვა მიიღოს. სწორედ ამის შემდეგ შეძლებს პაციენტი კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში, არჩეული, ე.წ. VIP პალატით, თანაგადახდით სარგებლობას.

       

      ავტორი: სიმონ შანავა